logo
ENG



უსუფაშვილი: ჩვენ 30-ვე ოლქში სერიოზულ მაჟორიტარულ კანდიდატებს ვამზადებთ

09 ივნ 202010:13
3 წუთის საკითხავი
 

გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატები სავარაუდოდ ამ კვირაში გაირკვევა. ხელისუფლების ოპონენტების შეხვედრა „ლეიბორისტული“ პარტიის ოფისში მიმდინარე კვირას გაიმართება. ოპოზიციის წარმომადგენლები იმედს იტოვებენ, რომ საერთო კნდოდატებზე შეჯერდებიან.

უცვლელია ლელოს პოზიცია. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის დავით უსუფაშვილის თქმით, პარტია ამ პროცესში იმ ვითარებაში ჩაერთვება, როდესაც საერთო ოპოზიციურ სპექტრში მეტი სიცხადე იქნება.

„ლელოს პოზიცია უცვლელია. ვამბობთ, რომ საერთო მაჟორიტარების საკითხში არ ვმონაწილეობდით, მაგრამ ჩვენ ვიქნებით მზად, ცალკეულ მაჟორიტარულ ოლქებში ურთიერთხელსაყრელი კოორდინაციით, შეთანხმება გვქონდეს ცალკეულ კანდიდატებთან. აუცილებლად გვექნება საერთო ოპოზიციურ საკითხებში ჩვენს კოლეგებთან თანხვედრა, მაგრამ გვექნება ლელოს დამოუკიდებელი გეზით სვლა და ჩვენ 30-ვე ოლქში სერიოზულ მაჟორიტარულ კანდიდატებს ვამზადებთ. თუმცა, შესაძლოა, რამდენიმე ოლქში გვქონდეს შეთანხმება სხვა ოპოზიციურ პარტიებთან“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე კი იმედოვნებს, რომ ოპოზიციური პარტიები მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეჯერდებიან.

„მაჟორიტარებთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია კონსულტაციები და გვაქვს ძალიან დიდი იმედი მაქვს ამ საკითხს ნათელი მოეფინება და ოპოზიციური პარტიები მოახერხებენ, შეჯერდნენ საერთო კანდიდატებზე თბილისის დარჩენილ 6 ოლქში. ასევე დიდი იმედი მაქვს, რომ მოვახერხებთ და სხვა ოლქებშიც, განსაკუთრებით ურბანულ ცენტრებში, გვეყოლება შეჯერებული კანდიდატები“, - განაცხადა კაპანაძემ.


close დახურვა