logo
ENG



უსუფაშვილი: ჩვენი მზაობაა, რომ კიდევ შედგეს ერთი რაუნდი

30 ნოე 201916:08
3 წუთის საკითხავი
 
s3fv2z4qft4xyp2.png

დასრულდა ოპოზიციისა და უმრავლესობის შეხვედრა, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორებიც ესწრებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი “შენების პარტიის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გააკეთა.

უსუფაშვილის თქმით, შეხვედრის ფაქტი იყო მნიშვნელოვანი, ვინაიდან ხელისუფლება ამით გარკვეულ კომპრომისზე წამოვიდა.

„დღეს შეხვედრის ფაქტი იყო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ამ ფაქტით ხელისუფლების მიერ დახურული კარი 2020-ის არჩევნებთან დაკავშირებით გაიხსნა, იმიტომ რომ მათ აღარ სურდათ არანაირი ლაპარაკი და ამბობდნენ, რომ მორჩა ყველაფერი, ქართველი ხალხის, პროტესტანტების, პოლიტიკური ოპოზიციის, საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი მოქმედებით ეს კარი გაიხსნა და ეს არის კარგი, ეს კარი დღეს არ დახურულა, ეს დიალოგი არ დასრულებულა, მიუხედავად მცდელობებისა, ჩვენ ეს არ დავუშვით. დღევანდელ მსჯელობაზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, განხილული იყო ოპოზიციის შეთავაზება, რომელიც აკმაყოფილებს მაჟორიტარების მოთხოვნასაც, პროპორციულის მოთხოვნასაც, ივანიშვილის დაპირებასაც, საერთაშორისო საზოგადოების რეკომენდაციებსაც, ამ თემაზე არსობრივად არანაირი არგუმენტი საწინააღმდეგო არ ყოფილა, გაგრძელდა საუბარი იმაზე, რომ ის კონსტიტუციას არ შეესაბამება, ამის თაობაზე ჩვენი მკაფიო შეთავაზება, რომ, მოდ,ი ერთად გავაგზავნოთ ეს საერთაშორისო ორგანიზაციებში და მათი რეკომენდაციების მიხედვით ვიმოქმედოთ - ეს იყო უარყოფილი. მეორე: საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან დაისვა ასეთი კონკრეტული კითხვა თუ მხოლოდ კონსტიტუციის თემაა პრობლემა, არის ხელისუფლება მზად რომ სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებებით მოაგვაროს ეს თემა, ვინაიდან შეთავაზებული მოდელ მაჟორიტარების საკითხსაც ხსნის და მათ უტოვებს მაჟორიტარულ ოლქებში მონაწილეობის საშუალებას? ამაზე პასუხი იყო, რომ მმართველი გუნდი პრაქტიკულად ვერ ხედავს იმის შესაძლებლობას, რომ რაიმე საკონსტიტუციო ცვლილებებზე იყოს საუბარი“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, ოპოზიცია ისევ აგრძელებს თავის ქმედებებს. მისი თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა დოკუმენტი გააგზავნეს საერთაშორისო ორგანიზაციებში, იმისთვის რომ მოიპოვონ მეტი არგუმენტი ანტიკონსტიტუციორობის საბაბის წინააღმდეგ. ასევე უსუფაშვილის თქმით, ოპოზიცია მზად არის კიდევ ერთხელ შეხვდეს მმართველ პარტიას.

„ჩვენ ოპოზიცია ვაგრძელებთ ჩვენს ქმედებებს. ჩვენ ცალმხრივად გავაგზავნით დოკუმენტს საერთაშორისო ორგანიზაციებში, რათა მოვიპოვოთ მეტი არგუმენტი, ამ ანტიკონსტიტუციურობის საბაბის საწინააღმდეგოდ. ჩვენი მზაობაა, რომ კიდევ შედგეს, სულ მცირე, ერთი რაუნდი შეხვედრების, რათა მიეცეს საშუალება ხელისუფლებას კარგად დაფიქრდეს ყველაფერზე, რაც აქ მოისმინა და იფიქრონ მათი მხრიდან შესაძლო შემოთავაზებაზე, რომელსაც ჩვენ, რა თქმა უნდა, განვიხილავთ. ჩვენი მხრიდანაც ჩვენ გავაგრძელებთ მცდელობას, იმიტომ რომ ჩვენი ამოცანაა შედეგი: სამართლიანი, მშვიდობიანი არჩევნების მიღწევა, ჩვენი ამოცანა არაა რომელიმე აკვიატებული მოდელის გატანა აუცილებლად, ჩვენი ამოცანა იყო პროპორციული არჩევნები და ახლა ამოცანაა, რომ კონსენსუსი აღდგეს, რათა ჩვენ მომავალ არჩევნებზე არ გადავჩეხოთ ქვეყანა დიდ საფრთხეში“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.


close დახურვა