ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIDH), სამოქალაქო თავისუფლების ცენტრმა (CCL) და ხარკივის ადამიანის უფლებათა ჯგუფმა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) რუს პროპაგანდისტებს უჩივლეს.
ჯგუფმა სასამართლოში მოხსენება წარადგინა, რომელშიც რუსი პროპაგანდისტების მიერ უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები დეტალურად არის აღწერილი.
კერძოდ, ისინი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, ვლადიმირ სოლოვიოვს, დმიტრი კისელიოვს, მარგარიტა სიმონიანს და სერგეი მარდანს და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, დმიტრი მედვედევს ადანაშაულებენ. მოხსენებაში საუბარია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილის, ალექსეი გრომოვის პასუხისმგებლობაზეც, რომლის მითითებითაც პროპაგანდისტული მასალები ვრცელდება.
გადაცემების ანალიზის შედეგად ავტორებმა სიძულვილის ენის 300-ზე მეტი შემთხვევა გამოავლინეს და ICC-ს ამ დანაშაულების გამოძიებისკენ მოუწოდეს.
"თითოეულ ადამიანზე, რომელსაც სარჩელი ეხება, წარდგინებაში დაახლოებით 5-7 ძირითადი ნარატივი დავაზუსტეთ, რომელსაც ესა თუ ის პიროვნება მუდმივად ავრცელებდა. ზოგის შემთხვევაში მეტი, ზოგის შემთხვევაში ნაკლები, თუმცა ყველა მათგანი ხალხს ძალადობისკენ მოუწოდებდა", - განაცხადა სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრის პროგრამის დირექტორმა, ვოლოდიმირ იავორსკიმ.
მანამდე, ICC-მა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები გასცა.