12 დეკემბერს პარლამენტთან დაკავებული 9 პირის სასამართლო პროცესი დღეს განახლდება. მათ შორისაა „ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე. სამოქალაქო აქტივისტები, ლექტორები, პოლიტიკური პარტიის ლიდერები და რიგითი მოქალაქეები რუსთაველზე მაშინ დააკავეს, როდესაც „ქართული ოცნების" მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დამტკიცებას აპროტესტებდნენ. მათ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში ედებათ.
გიორგი ვაშაძისა და სამი პირის საქმეს ღამის სასამართლო გადაწყვეტილებების ავტორი, ვალერიანე ფილიშვილი იქნება. დანარჩენი პირების საქმეს კი მოსამართლე ნათია მერაბიშვილი განიხილავს.
როგორც „ფორმულას“ უფლებადამცველმა ედუარდ მარიკაშვილმა განუცხადა, სასამართლო პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მხოლოდ ერთი მტკიცებულებითაა წარმოდგენილი.
„12 დეკემბერს დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართება. შინაგან საქმეთა სამინისტრო წარდგენილია მხოლოდ ერთი მტკიცებულებით - პოლიციელების ჩვენებით. სასმართლომ გადაწყვიტა გამოეკვლია ეს საქმეები ყოველმხრივ და მათი ჩვენებებიც მოესმინა. მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ეს საქმეები ჩვენს სასარგებლოდ უნდა გადაეწყვიტა“, - განაცხადა უფლებადამცველმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ჯამში 16 პირი დააკავეს. 12-ის საქმეს მოსამართლე ფილიშვილ განიხილავდა, ხოლო 4-ის საქმეს ნათია მერაბიშვილი.
