უფლებები საქართველოს ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების გამოძიებისას მტკიცებულებების დაზიანების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. ორგანიზაციის ცნობით, პროკურატურამ სამხარაულის ბიუროს ექსპერტს ბრალი დაუმძიმა.
კერძოდ, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ 2024 წლის 9 იანვარს პროკურატურამ ექსპერტს ბრალი დააზუსტა და 370-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გადააკვალიფიცირა, რაც გულისხმობს მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას, რაც ექსპერტის მიერ გაუფრთხილებლობით საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობაში გამოიხატა. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახით, მხოლოდ ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ორგანიზაციის ცნობით, თავდაპირველად ექსპერტს ბრალი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე წარუდგინა (სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილი), რაც, სასამართლოს საშუალებას მისცემდა, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ექსპერტი მინიმალური სასჯელით - ჯარიმის დაკისრებით - გაეთავისუფლებინა.
უფლებები საქართველო 12 წლის გოგოს გარდაცვალების და მტკიცებულების დაზიანების ფაქტებზე მიმდინარე საქმეებს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.
"12 წლის ანის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგაც, მომხდარის გარემოებები ბუნდოვანია, ხოლო ნივთმტკიცებები, რომელთა გამოკვლევითაც, შესაძლოა, დადგენილიყო გოგონას სხეულზე უცხო ადამიანის დნმ-ის არსებობის ფაქტი ან/და საქმისთვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოება, დაზიანებულია. ამ პირობებში, ოჯახი და „უფლებები საქართველოს“ იურისტები განაგრძობენ ბრძოლას იმისათვის, რომ ანის გარდაცვალების საქმეზე სრულყოფილი გამოძიება ჩატარდეს, რისთვისაც საქმეში ევროპული ან ამერიკული საგამოძიებო უწყებების და ექსპერტების ჩართვას მოითხოვენ", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
17 მარტს დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის ანა იანუშაიტიტე გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახი აცხადებს, რომ გოგო მოკლეს, რადგან მას სხეულზე დაზიანებები ჰქონდა.
5 ივლისს ორგანიზაცია უფლებები საქართველოს იურისტებმა განაცხადეს, რომ გარდაცვლილი 12 წლის ანას საქმეში მნიშვნელოვანი მტკიცებულებები არის დაზიანებული, კერძოდ, საკვლევი მასალების შენახვის წესის დარღვევის შედეგად, გოგონას გვამიდან აღებული ნიმუშები დაობდა.
10 აგვისტოს მტკიცებულებების დაზიანების საქმეზე მოზარდის დედა დაზარალებულად ცნეს.