logo
ENG



უწყებამ აქციის მონაწილებს სტანდარტული კითხვები დაუსვა-პროკურატურა მაკო გომურს პასუხობს

07 ნოე 201913:00
3 წუთის საკითხავი
 
ezfilboftzeqn0r.jpg

გენერალური პროკურატურა 20 ივნისის აქციის დროს დაშავებულ მაკო გომურს პასუხობს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიებამ აქციის დროს დაშავებულ კონკრეტულ პირებს სტანდარტული კითხვები დაუსვა, რაც პროკურატურის განმარტებით, "კანონის მიხედვით განსაზღვრული პროცედურაა".

"20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დანიშნული სამედიცინო ექსპერტიზისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით ხორციელდება სხვადასხვა, სტანდარტული პროცედურები. აქციის მონაწილეთა დაზარალებულად ცნობისთვის მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სამედიცინო ექსპერტიზის მიერ ცალკეული პირების მიმართ მოთხოვნილი მონაცემების მოსაპოვებლად გამოძიებამ, აქციის მონაწილებს დაუსვა სტანდარტული კითხვები, რასაც მოიცავს კანონის მიხედვით განსაზღვრული პროცედურა. 20-21 ივნისის აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ, სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოება დამატებით იქნება ინფორმირებული", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ მაკო გომურმა, რომელმაც 20 ივნისის აქციის დროს თვალი დაკარგა, პროკურატურის მიერ დასმული კითხვა გაასაჯაროა. კერძოდ, გომურის ინფორმაციით, გამოძიება დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა მას დაკარგულ თვალზე პრობლემა "გავრილოვის ღამემდე". მოგვიანებით, გომურმა "ფორმულასთან" საუბარში უწყების ამ კითხვას "ირონიული" უწოდა. 

 

 


close დახურვა