logo
ENG



ფაიზერი, სინოფარმი, სინოვაკი, J&J - გამყრელიძის განმარტება ქვეყანაში ვაქცინების მარაგზე

27 აგვ 202118:22
3 წუთის საკითხავი
 
ფაიზერი, სინოფარმი, სინოვაკი, J&J - გამყრელიძის განმარტება ქვეყანაში ვაქცინების მარაგზე

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების როგორი მარაგებია ქვეყანაში და რომელი პრეპარატების დამატებით დოზებზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები - ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

მისი განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ფაიზერისა და სინოვაკის მარაგები ჯერ კიდევ არის, ამავდროულად, ფაიზერის მარაგები ამ თვის ბოლომდე კიდევ შეივსება. 

„მარაგები ფაიზერის და სინოვაკის სერიოზულია ქვეყანაში. ჩვენ იმ მილიონნახევარი ფაიზერიდან, ნაყიდი და აშშ-ის ნაჩუქარი, თითქმის გავხარჯეთ, სექტემბერს მილიონი დოზით შევხვდებით. აქედან 300 ათასამდე დაჯავშნილია პირველ და მეორე აცრებზე და სადღაც 700 000 დოზის საშუალება გვექნება, რომ 350 ათასი მსურველი აიცრას. 

აგვისტოს ბოლოს შეივსება ფაიზერი - გვექნება სექტემბერში 700 ათასზე მეტი დოზა ვაქცინა, 350 ათასზე მეტი ადამიანის აცრისთვის. გვაქვს 800 ათასზე მეტი სინოვაკი, საჭირო 400 ათასი ადამიანისთვის. ის კუმულაციურ იმუნიტეტს სწრაფად იძლევა და რაც მეტი აიცრება, სწრაფად შემცირდება სიკვიდილიანობა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

მისივე თქმით, ქვეყანა სექტემბრის თვეში გერმანიიდან 50 ათას დოზა ჯონსონ ენდ ჯონსონის ვაქცინას ელოდება. ამავდროულად არსებობს მოლოდინები, ე.წ. დათმობის წესით, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნიდან ვაქცინების მიღებაზე.

„გერმანიის მთავრობისგან ველოდებით მალე დახმარებას 50 000 დოზა ჯონსონ ენდ ჯონსონი ვაქცინით. ეს არის ვაქცინა, რომელიც ერთჯერადად კეთდება და არა ორი ინექციით. ეს, დიდი ალბათობით,  სექტემბერში უკვე გვექნება. განიხილებოდა მისი მოწოდება კოვაქსით. ნოვავაქსი არ გამოჩნდა ბაზარზე და წითელი ჯვრიდან ველოდებით 100 ათას დოზა სინოფარმს. 

გარდა ამისა, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებიდან დათმობის წესით მიღებაც მოხდება, არ მინდა, წინასწარ დავასახელო", - განმარტავს გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მთავრობა აწარმოებს მოლაპარაკებას 2 მლნ დოზა ფაიზერის შესყიდვის თაობაზეც. წლის ბოლომდე კი, შესაძლოა, აღნიშნული ვაქცინით აცრაზე პროტოკოლში ცვლილებები შევიდეს.

„როგორც გითხარით, პრემიერმა გააკეთა განცხადება 2 მლნ ფაიზერის შესყიდვის შესახებ და დაწყებულია მოლაპარაკება კომპანიასთან.

ფაიზერი ყველაზე მოთხოვნად ვაქცინად იქცა. არ გამოვრიცხავთ, რომ დაიწიოს მასზე ასაკმა და ასევე არ გამოვრიცხავთ წლის ბოლოს ბუსტერულ დოზებს", - აღნიშნა NCDC-ის ხელმძღვანელმა.

 


close დახურვა