დედა ენის ბაღში ლგბტქი აქტივისტებზე და მათ მიერ აღმართულ ინსტალაციაზე ძალადობრივი თავდასხმის საქმეზე ჰომოფობიური და ქსენოფობიური მოძრაობის ლიდერი გურამ ფალავანდიშვილი გამოკითხვაზეა გადაყვანილი - საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით იძიებს, რაც ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნას გულისხმობს.
თავდასხმის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად Tbilisi Pride-მა გაავრცელა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დროული და ეფექტური გამოძიებისკენ მოუწოდა.
თავდასხმა დაგმო მოძრაობა დროამაც და განაცხადა, რომ სახელმწიფო, მსგავსი საქმეების არაეფექტური გამოძიებით, უგულებელყოფს ლგბტქი მოქალაქეებს და მათ გარიყვასა და დემონიზებას უწყობს ხელს.
თავდასხმა კი დღეს, დედა ენის ბაღში მოხდა, როდესაც ლგბტქი აქტივისტებს ფერადი კაბინა ჰქონდათ აღმართული, წარწერით - "welcome to the closet". სწორედ ლგბტ თემატიკის შემცველმა ინსტალაციამ გამოიწვია ფალავანდიშვილის თავდასხმაც, მან ჯერ კაბინა დაშალა, შემდეგ კი, შეკრებილ აქტივისტებს შეურაცხყოფა მიაყენა.