logo
ENG



ფალავანდიშვილი გეგმავს, მეტრო რუსთაველთან კარვები გაშალოს და პრაიდს ხელი შეუშალოს

28 ივნ 202119:17
3 წუთის საკითხავი
 
ფალავანდიშვილი გეგმავს, მეტრო რუსთაველთან კარვები გაშალოს და პრაიდს ხელი შეუშალოს
ფორმულა/ვახო ქარელი

ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი, გურამ ფალავანდიშვილი ამბობს, რომ გეგმავს, 4 ივლისს გეგმავს, რუსთაველის მეტროსთან კარვები გაშალოს და ღირსების მარშს ხელი შეუშალოს. 

მარში 5 ივლისს არის დაგეგმილი. 

"4 ივლისის საღამოდან მეტრო რუსთაველთან დავდგამთ კარვებს, რათა კეთილსინდისიერ საზოგადოებასთან ერთად 5 ივლისს ხელი შევუშალოთ, არ ჩავატარებინოთ, ჩავშალოთ გარყვნილი უღირსების მარში". - წერია გურამ ფალავანდიშვილის ორგანიზაციის, ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების ფეისბუქ გვერდზე. 

მანამდე, 30 ივნისს, ჰომოფობთა ჯგუფი აქციას გამართავს ევროკავშირის წარმომადგენლობასა და აშშ-ის საელჩოსთან. როგორც ამბობენ, ისინი გააპროტესტებენ "მათ მიერ საქართველოში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის ხელშეწყობას და დამკვიდრებას". 

"ღირსების მარში სოლიდარობისთვის" - ამ სლოგანით 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ლგბტქ აქტივისტები და სხვა მხარდამჭერები შეიკრიბებიან.

ორგანიზატორების ცნობით, აქციაზე მივლენ, როგორც "თბილისი პრაიდის" წევრები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები, მხარდამჭერები და პოლიტიკოსები.

ამ ფორმით ისინი, მიმდინარე პოლიტიკურ და კულტურულ პროტესტს გამოუცხადებენ სოლიდარობას. 

"ქვიარ თემის წევრები, ოჯახის წევრები და მხარდამჭერები ხმამაღლა და ამაყად ვაცხადებთ, რომ ჩვენ გამოვდივართ სოლიდარობისთვის!" - წერია ორგანიზატორების განცხადებაში.

ისინი სახელმწიფოსგან მოითხოვენ:

  • უზრუნველყოს ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოება;
  • Შეასრულოს პოზიტიური ვალდებულება თანასწორი გარემოს შესაქმნელად, ჰომოფობიის, სტიგმისა და დისკრიმინაციის დასაძლევად;
  • უზრუნველყოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ჯეროვანი გამოძიება და დაიცვას სამართლიანობის პრინციპი;
  • დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა.

თბილისი პრაიდის წარმომადგენლები მოუწოდებენ საზოგადოებას ერთად შეებრძოლონ უსამართლობას.


close დახურვა