logo
ENG



ფარულავა: მოვამზადეთ სარჩელი, მთავრობას პასუხი უნდა მოვთხოვოთ რიკოთზე ჩადენილ დანაშაულებზე

17 აგვ 202311:29
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლაშა ფარულავას თქმით, რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. 

ენმ-ის წევრებმა რიკოთზე ადგილობრივებთან ერთად აქცია-ბრიფინგი გამართეს. 

როგორც ფარულავა ამბობს, სამუშაოების ფარგლებში, ადგილობრივების სახლების ქვეშ გაიყვანეს გვირაბები, რაც ნგრევის საფრთხეს ქმნის.

"საქართველოს მთავრობის კორუფციული ინტერესებით შერჩეულმა ჩინურმა კომპანიებმა ადგილობრივებს საცხოვრებელი დაუნგრია. მათი სახლების ქვეშ გაიყვანეს გვირაბები და არის ნგრევის საფრთხე, დღეს ადამიანები არიან შეკრებილები და მოითხოვენ გამოძიების დაწყებას ამ კორუფციაზე, გულგრილობაზე, უნდა მოვთხოვოთ პასუხი საქართველოს მთავრობას, ირაკლი ქარსელაძეს, ჩინურ კომპანიას. პასუხი უნდა მოვთხოვოთ ყველა იმ დანაშაულზე, რომელიც ჩაიდინეს რიკოთის უღელტეხილზე. ეს არ არის ჩვენი მოქალაქეების არჩევანი. სწორედ ამიტომ ვითხოვთ გენერალურმა პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება ირაკლი ქარსელაძის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ჩინური კომპანიების წინააღმდეგ"- თქვა ფარულავამ.

როგორც მან აღნიშნა, გამოძიებიის მოთხოვნით გენერალურ პროკურატურას მიმართვენ.

"ჩვენ მოვამზადეთ საჩივარი. ჩვენ მოვაწერთ ხელს ამ საჩივარს ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად, ვისაც აქვს კონკრეტული საფრთხე. ამას სჭირდება დროული რეაგირება ხელისუფლებისგან. ყველა კარგად უნდა ხედავდეს, რამხელა საფრთხის შემცველია ის სამუშაოები, რომელსაც აწარმოებს ჩინური კომპანია. მივმართავთ გამოძიების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურას, თუმცა არ გვაქვს იმედი, რომ ისინი რამეს გამოიძიებენ" - ამბობს ფარულავა.

ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის მტკიცებით, რიკოთი უსაფრთხოა და სპეციალური რეჟიმი "პოტენციური" რისკის გამო მოქმედებს - ქარსელაძემ აღნიშნა, რომ რიკოთის 149-ე კილომეტრზე მეწყერი არ ჩამოსულა და დღეს რიკოთი უსაფრთხოა.

საავტომობილო დეპარტამენტმა 11 აპრილს, "მცირე ქვათაცვენის გამო, გზების გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების" მიზეზით რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა აკრძალა. 13 აპრილს რიკოთის უღელტეხილზე საგზაო მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის სპეციალური რეჟიმით ამოქმედდა.


close დახურვა