ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთი მიესალმება საქართველოს მზადყოფნას, დაეხმაროს სომხეთს კორონავირუსთან ბრძოლაში, თუმცა, იმედოვნებს, რომ ამის საჭიროება არ იქნება.
„ეპიდემიის პირველივე დღიდან ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლეთ საქართველოს ხელისუფლებასთან, დაწყებული პრემიერ-მინისტრით, დამთავრებული სპეციალისტებით. ჩვენ ამ თანამშრომლობას ეფექტიანად მივიჩნევთ. საქართველო ჩვენთვის მოძმე ქვეყანაა და ასეთი მზაობა ჩვენს ურთიერთობებს კიდევ უფრო ათბობს, თუმცა იმედი გვაქვს, ამის საჭიროება არ იქნება. ორივე ქვეყანა უნდა იყოს მზად, დავეხმაროთ ერთმანეთს. 2019 წელს, როდესაც საქართველოში იყო წითელას აფეთქება, სომხეთი საქართველოს 30 000 ვაქცინით დაეხმარა. ეპიდემია არის ჩვენი საერთო დღის წესრიგის საკითხი. ეს საერთო საფრთხეა“, - აღნიშნა ფაშინიანმა.