დამოუკიდებელ საკითხთა თანამეგობრობის სამიტზე გუშინ სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთს, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნაზე ისაუბრა.
"სამმხრივი ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, რომელსაც რუსეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის პრემიერმინისტრები ხელმძღვანელობენ, ჩვენ ვმუშაობთ ყველა სატრანსპორტო კომუნიკაციის გახსნაზე და ვიმედოვნებთ, რომ კონკრეტულ შედეგებს მივაღწევთ.
ეს ნიშნავს, რომ სომხეთი რუსეთთან საავტომობილო და სარკინიგზო გზებს მიიღებს, ასევე სარკინიგზო კომუნიკაცია იქნება ირანთანაც, აზერბაიჯანის გავლით. ხოლო აზერბაიჯანი, სომხეთის გავლით, მიიღებს სარკინიგზო და საავტომობილო კომუნიკაციას ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან", - თქვა ფაშინიანმა დსთ-ს სამიტზე.
მისი თქმით, საგზაო კომუნიკაციების აღდგენა რეგიონში მშვიდობის დამყარების გარანტი იქნება.
გარდა ამისა, მან თქვა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობიანი ურთიერთობისთვის უნდა დაიწყოს საზღვრის დელიმიტაციის და დემარკაციის პროცესი. საქმე ეხება სოტკ-ხოზნავარის ნაწილს, რომელიც ფაშინიანის განცხადებით, "აზერბაიჯანმა ძალადობრივად დაიკავა" და იქ მუდმივად სროლის ხმა ისმის.
ფაშინიანმა თქვა ისიც, რომ მიუხედავად პოლიტიკური ჩართულობისა და ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებისა, ყარაბაღში ადამიანები სამხედრო მოქმედებების შედეგად დღემდე კვდებიან, რისთვისაც, მისი თქმით, საჭიროა პოზიციების გამყარება და ძალადობრივი ინციდენტების გამოძიება.
მთიან ყარაბაღში ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი 2020 წლის 9 ნოემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 9 ნოემბერს მოაწერეს.
9 პუნქტიანი შეთანხმება კონტაქტის ხაზისა და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ რუსი სამხედროების განლაგებას ითვალისწინებს. ამ შეთანხმებით, რუსეთს ამიერკავკასიის ყველა ქვეყანაში ჰყავს სამხედრო ძალები განთავსებული: საქართველოშიც, აზერბაიჯანშიც და სომხეთშიც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მაშინ განაცხადა, რომ ამ შეთანხმებით კავკასიაში ახალი ერა დაიწყებოდა და მოლაპარაკებებში ჩართულ ფასილიტატორებს, მათ შორის, რუსეთს მადლობა გადაუხადა.