logo
ENG



ფაშინიანი: სომხეთი რომის სტატუტს უნდა შეუერთდეს

24 სექ 202320:23
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/24/7s4d011wdjsgimh.png

სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი რომის სტატუტს უნდა შეუერთდეს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ნაწილი გახდეს.

როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, სომხეთისთვის რუსეთთან დადებული უსაფრთხოების შეთანხმებები და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრობა არაეფექტურია, რადგან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს, რუსეთმა ერევანს დახმარებაზე უარი უთხრა.

რაც შეეხება საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთან მიერთებას, თუ ოფიციალური ერევანი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სომხეთის ტერიტორიაზე ჩასვლას ვეღარ შეძლებს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მას დააკავებენ. მიმდინარე წლის მარტში ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. მანამდე, ნიკოლ ფაშინიანმა ჰააგის სასამართლოს სადამფუძნებლო დოკუმენტი - რომის სტატუტი სომხეთის პარლამენტს რატიფიცირებისთვის გაუგზავნა.

"ეს გადაწყვეტილება არაა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ან რუსეთის წინააღმდეგ. ეს გამომდინარეობს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან და ამ გადაწყვეტილების მიღება ჩვენი სუვერენული უფლებაა", - აღნიშნა ფაშინიანმა.


close დახურვა