სოციალურ ქსელ ფეისბუქში „პანდას“ სახელით ახალი გვერდი გამოჩნდა, სადაც ამ დროისთვის მხოლოდ ერთი ვიდეოა და დაზუსტებით არ შეიძლება ითქვას არის თუ არა ეს ის სარეკლამო კომპანია, რომლის ფეისბუქის ანგარიშებიც თავად სოციალურმა ქსელმა წაშალა.
Facebook-მა თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში, კერძოდ 39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და ინსტაგრამის 22 ანგარიში გააუქმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა.
გვერდების მართვაში ქართულ ინტერნეტსივრცეში ერთ დროს ცნობილი მუსიკალური ჯგუფი „პანდა“ იყო ჩართული, რომელიც შემდეგ სარეკლამო კომპანიად გადაკეთდა.
„Facebook-მა საქართველოში 344 ფეისბუქგვერდი, 39 პროფილი, 22 ინსტაგრამის ანგარიში და 13 ფეისბუქის ჯგუფი წაშალა. ეს გვერდები ჯამში 440 000-ზე მეტ ანგარიშს ჰქონდა გამოწერილი. ჯამში, ამ გვერდების რეკლამირებაზე 316 000$-მდე დაიხარჯა. გვერდები შემჩნეული იყვნენ სამთავრობო პროპაგანდაში“, - წერია Facebook-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Facebook-ის გადაწყვეტილების შემდეგ, „პანდამ“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც მედიასაშუალებები დეზინფორმაციის გავრცელებასა და ბულინგში დაადანაშაულა.
"მცნება მეცხრე: არა ცილი-სწამო მოყუასსა შენსა წამებითა ცრუჲთა. უპასუხისმგებლო მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს პირადი ინფორმაცია გადაუმოწმებლად. არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელებულმა ინფორმაციამ ჩვენზე და ჩვენს ოჯახებზე ფსიქოლოგიურად იძალადა. ჩვენი კომპანია ფლობს და აქირავებს დიდ რესურსებს სოციალურ ქსელში, შესაბამისად, არაერთი შემოთავაზება გვქონია სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფისგან, იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მათი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინათ. არასოდეს არანაირი ფინანსური სარგებლი არ ყოფილა პრინციპებზე მნიშვნელოვანი - ჩვენთვის მთავარია ის ღირებულებები, რისიც გვწამს.
ჩვენ გვქონდა შემოთავაზება "მთავარი არხისგან" და ფორმულა "კრეატივისგან". მათ ვერ მოახერხეს ჩვენი რესურსების სათავისოდ გამოყენება. 2 დღეა პროპაგანდისტული შტურმი მოაწყეს, რომელიც საჯარო ცილისწამებიდან მათთვის ნაცნობ და ტრადიციულ ბულინგში გადაიზარდა. ცრუ ლიბერალები კი, რომელთაც სოციალურ ქსელში საზოგადოებრივ აზრზე გავლენა აქვთ, ინფორმაციის გადამოწმების გარეშე შეეცადნენ „პანდას” დამარხვას. რომ არა ჩვენი მდგრადი ფსიქიკური მდგომარეობა, შესაძლოა, ეს შემთხვევა მძიმე შედეგებით დასრულებილიყო. ჩვენთვის, როგორც ლიბერალური ღირებულებების ადამიანებისთვის - გაუგებარია, როგორ შეიძლება პირველწყაროსგან, ამ შემთხვევაში Facebook-ისგან დამოუკიდებლად, უაპელაციოდ დასწამო ადამიანებს ცილი, როდესაც თავად "ფეისბუკს" არ დაუდასტურებია "პანდას" ოფიციალურ გვერდსა და დანარჩენ გვერდებს შორის კავშირი", - აცხადებდნენ „პანდას“ წევრები.
განცხადებასთან ერთად, „პანდამ“ კლიპიც გაავრცელა. ამის შემდეგ სოციალურ ქსელში გვერდი წაშლილი იყო და აღარ იძებნებოდა.
აღსანიშნავია, რომ „პანდამ“ ფეისბუქის ბრალდებები დაადასტურა. კომპანიის წევრის განცხადებით, ისინი ფეისბუქის საშუალებით ოპოზიციას, კერძოდ კი „ნაციონალურ მოძრაობას“ „აკრიტიკებდნენ“, თუმცა, ეს ქმედება არა „ქართული ოცნების სიყვარულით“ არამედ „დიქტატურის შიშით“ იყო განპირობებული.