შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ფართში, რეგულაციების დარღვევით ფართომასშტაბიანი სოციალური ღონისძიება იმართებოდა, რომელსაც დიდი რაოდენობით მოქალაქეები ესწრებოდნენ.
ფერაძის თქმით, ღონისძიების ორგანიზატორი ფიზიკური და იურიდიული პირები ჯამში 22 ათასი ლარით დაჯარიმდნენ. გარდა ამისა, ობიექტს, სადაც ღონისძიება ჩატარდა, საქმიანობა შეუჩერდა.
"დამრღვევი პირები ერთგვარი სქემის მიხედვით მოქმედებდნენ და იჯარისა და ქვეიჯარის ხელშეკრულებების სიმრავლის გამოყენებით, ცდილობდნენ ფართის გადაცემის რეალური მიზნის შენიღბვას, აკრძალული აქტივობის ორგანიზებისა და ხელშეწყობისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას.
ყველა კომპანია თუ ფიზიკური პირი, ვინც სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით ჩართული იყო ზემოაღნიშნულ სამართალდარღვევის სქემაში, ამსრულებლის ან თანამონაწილის სახით, დაჯარიმდა ჯამში 22 000 ლარის ოდენობით, კანონით დადგენილი წესით. ხოლო, ობიექტი, სადაც იმართებოდა სოციალური ღონისძიება, დარღვევის კრიტიკული შეუსაბამობისა და არაერთჯერადი ხასიათის გათვალისწინებით, ობიექტს შეუჩერდა საქმიანობა", - განაცხადა ფერაძემ.
მანვე მოქალაქეებს მოუწოდა, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და არ ჩაერთონ მსგავს სოციალურ ღონისძიებებში.
"რაც შეეხება, ფართის მფლობელთა და სოციალური აქტივობის ორგანიზატორთა მცდელობებს - თავი აარიდონ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ამისთვის მრავალფეროვანი სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებისა თუ ფაქტობრივი გარემოებების დაფარვის გზით, შრომის ინსპექცია კვლავაც უზრუნველყოფს კანონის მოთხოვნების აღსრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და გაატარებს სათანადო ღონისძიებებს, რათა მომავალში მაქსიმალურად აღკვეთოს მსგავსი ხასიათის სამართალდარღვევის ფაქტები", - თქვა ბექა ფერაძემ.
ცნობისთვის, ფორმულამ არაერთხელ გააშუქა შემთხვევა, როდესაც ადამიანები, მათ შორის ხშირად ხელისუფლების წარმომადგენლები ან მათთან დაახლოებული პირები კოვიდ რეგულაციების დარღვევით ქორწილებს და დაბადების დღეებს იხდიან.
10 აპრილის სიუჟეტი, რომელიც შაბათის ფორმულამ მოამზადა, ნახეთ აქ.