შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი, ბექა ფერაძე ამბობს, რომ მაღაზიებსა და სუპერმარკეტში მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ზოგიერთი სხვა პროდუქციის გაყიდვა მობილობის შემცირების მიზნით არის აკრძალული.
როგორც ფერაძე ამბობს, ევროპაშიც ასეა.
"იცით, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით ნებადართულია სურსათის, ცხოველის საკვების, საყოფაცხოვრებო ქიმიის, ჰიგიენის და აგროქიმიკატების რეალიზება. სხვა მიმართულებით არის გარკვეული შეზღუდვები. მიზანი ხომ ის არის, რომ შემცირდეს მობილობის მაჩვენებელი და დროის გარკვეულ მონაკვეთში გვქონდეს ინფიცირების დონის შენარჩუნება და შემდეგ კლება. ამისთვის სხვადასხვა ობიექტებზე მობილობა უნდა იყოს შენელებული. სწორედ ამიტომ, იქნება ეს ტანსაცმელი, მსხვილი ტექნიკა, ავეჯი თუ მსგავსი პროდუქტები, არის შემცირებული, რაც აზრთა სხვადასხვაობის გამომწვევი გახდა სოციალურ ქსელებში". - თქვა ფერაძემ და ფოტოები წარმოადგინა, რომელზეც, მისი თქმით, ასახულია ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სუპერმარკეტებში ზოგი პროდუქციის აკრძლვის ნიშნები.
"საფრანგეთში, ბრიტანეთში, გერმანიაში არის მსგავსი ტიპის შეზღუდვები დაწესებული. ეს ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ყველა ევროპულ ქვეყანაში ვრცელდება შეზღუდვა ზოგიერთ პროდუქტსა თუ ნივთზე".