logo
ENG



ფინანსთა მინისტრი იმპიჩმენტის საფუძველს ვერ ხედავს და არც გადადგომას აპირებს

26 თებ 202020:16
3 წუთის საკითხავი
 

ფინანსთა მინისტრი ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს პასუხობს და აცხადებს, რომ მის კოლეგებზე მეტადაც კი ადასტურებს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულებას. ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ ვანო მაჭავარიანმა პარლამენტში გამოუცხადებლობით რეგლამენტი დაარღვია და უნდა გადადგეს. ოპოზიცია მმართველ პარტიას კანონდამრღვევს უწოდებს. „ქართულ ოცნებაში" აღიარებენ, რომ მაჭავარიანმა რეგლამენტი მართლაც დაარღვია, თუმცა ეს იმპიჩმენტის საფუძველი ვერ გახდება. ერთ-ერთი ვერსიით, ფინანსთა მინისტრი პარლამენტში პირადი წყენის გამო არ მივიდა. 

სანამ მინისტრი მტყუან-მართალს არკვევს, დამოუკიდებელი დეპუტატები სამართლებრივი ბრძოლისთვის ემზადებიან. კანონმდებლებმა დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტს მიმართეს. კომიტეტი ვალდებულია დაამტკიცოს, რომ მაჭავარიანმა რეგლამენტი დაარღვია. ამ პროცედურის შემდეგ დამოუკიდებელ დეპუტატებს იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება შეეძლებათ. უკვე ცნობილია, რომ ურჩი მინისტრების წინააღმდეგ მარტო არ იქნებიან. მაჭავარიანის გადაყენებას ყველა პოლიტიკური პარტია ემხრობა. 

„ოცნებას“ მაჭავარიანის დაუმორჩილებლობის გამო ისევ თავის მართლება მოუხდა. კანონდარღვევა იმდენად ნათელია, რომ ის მმართველმა პარტიამაც აღიარა, თუმცა იმპიჩმენტისთვის მინისტრი მაინც ვერ გაიმეტა. 

სწორედ რომან კაკულიაა იმ კომიტეტის თავმჯდომარე, რომელზეც მაჭავარიანი არ გამოცხადდა. ფინანსთა მინისტრს პასუხი სამ საკითხთან დაკავშირებით უნდა გაეცა, მათ შორის იყო ტელეკომპანიების დავალიანების თემა. ეს მაჭავარიანის მხრიდან პირველი დაუმორჩილებლობა არ არის. ფინანსთა მინისტრი თითქმის არასოდეს პასუხობს „სადეპუტატო შეკითხვებს“. ეს ურჩობა მას შესაძლოა ძვირად დაუჯდეს - იმპიჩმენტის დასაწყებად მხოლოდ 50 დეპუტატის ხმა არის საჭირო, მაშინ როცა საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციურად განწყობილი 57 დეპუტატია.


close დახურვა