ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ელინა ვალტონენის განცხადებით, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსი სპორტსმენებისთვის ქვეყანაში შესვლის შეზღუდვის ახალ წესებს ამზადებს.
ვალტონენის ინფორმაციით, ამის შესახებ გადაწყვეტილება ფინეთის მთავრობისა და პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბის შეხვედრის შემდეგ მიიღეს.
"რუსეთმა უკრაინაში აგრესიული ომი უნდა დაასრულოს", - განაცხადა ვალტონენმა.
განცხადება მოჰყვა მსოფლიოში სპორტის უმაღლესი საარბიტრაჟო ორგანოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, რუსეთს საერთაშორისო ყინულის ჰოკეის ტურნირებში დაბრუნების შესაძლებლობა უნდა მიეცეს. ამ გადაწყვეტილებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა იმ ქვეყნების მხრიდან, სადაც ეს სპორტი განსაკუთრებით პოპულარულია.
რამდენიმე ქვეყანამ პირობა დადო, რომ რუსეთის დაბრუნების შემთხვევაში ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტს გამოუცხადებს. კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ კი განაცხადა, რომ რუსი სპორტსმენები კანადაში დაგეგმილ ახალგაზრდულ ჩემპიონატში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამაც მოუწოდა ქვეყნებს, კონკრეტულად რუს სპორტსმენებს აუკრძალონ საკუთარ ტერიტორიაზე შესვლა. მისი თქმით, რუსეთი სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობას საკუთარი რეპუტაციის გასაუმჯობესებლად იყენებს.
ფინეთმა და ევროკავშირის რამდენიმე სხვა ქვეყანამ რუსეთის მიერ 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა შეწყვიტეს.
თუმცა, ფინეთის მოქმედი წესები კვლავ ითვალისწინებს გამონაკლისს, რომლის საფუძველზეც რუსეთის მოქალაქეებს სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიზნით ქვეყანაში შესვლა შეუძლიათ. ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა იუსი ტანერმა განაცხადა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა, ოქტომბერში განაცხადა, რომ მისი გუნდი რუსეთის საერთაშორისო სპორტში დაბრუნების შესაჩერებლად ახალი ზომების შემოღების საკითხს შეისწავლის.
ამასთან, ევროკომისიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გამოცემა Kyiv Independent-ს განუცხადა, რომ ევროკომისიამ შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტი უკვე 11 ნოემბერს წარადგინოს. მისი თქმით, პაკეტის მთავარი ნაწილი რუსი სპორტსმენებისთვის დაწესებული შეზღუდვები იქნება.
