logo
ENG



ფიშერი: ვინც საქართველოში ძალაუფლებაში არიან, არ სურთ EU-ში გაწევრიანება

01 ივნ 202610:36
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/01/t2pa6gpa72xmaw3.png

გერმანიის ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა "რადიო თავისუფლებასთან" "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ განცხადებებზე ისაუბრა. ფიშერის თქმით, "ოცნების" წერილები [განცხადებები] გათვლილია იმაზე, რომ მეტი მხარდაჭერა შესძინონ ნარატივს საქართველოს  საქართველოს მიმართ ევროკავშირის ავ ზრახვებზე. 

"რადიო თავისუფლებასთან" გერმანიის ელჩი ოთხწლიანი ვადის დასასრულს აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" მივიდა დასკვნამდე, რომ არ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება.

ინტერვიუში ფიშერმა ისაუბრა კობახიძის ღია წერილზე ევროკავშირის ლიდერებისადმი და კახა კალაძის ე.წ "სამძიმრის წერილზე, რომელიც ზაარბრიუკენს ეხებოდა.

"ეს ღია წერილი და "ფეისბუკზე" გამოქვეყნებული "სამძიმრის წერილი" ავითარებს კონკრეტულ ნარატივს, რომელიც გრძელდება 2024 წლიდან. თუმცა, ვატყობ, რომ ის სულ უფრო ძლიერდება - ახლა უკვე ღია წერილით ევროპული საბჭოს ლიდერის, ევროკომისიის პრეზიდენტისა და ევროპარლამენტის თავმჯდომარისადმი. ნარატივი კი არის ის, რომ ევროკავშირი „დიპ სტეიტის“ მიერ იმართება. თბილისის მერმა დაწერა, რომ გერმანია იმართება არაფორმალური ოლიგარქიული სტრუქტურის მიერ. ბევრჯერ საჯაროდ მითქვამს, რომ არ არსებობს „დიპ სტეიტი“. ეს გამოგონილი ნარატივია. სიტყვამ მოიტანა და - განსაკუთრებით „ღირებულია“ დღევანდელი საქართველოს გადასახედიდან არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობაზე რომ ლაპარაკობ. ნარატივი არის, რომ ევროპა უფსკრულისკენ მიექანება, ევროპა ვარდნაშია, ჩვენ ცუდი ეკონომიკა გვაქვს, განვიცდით მიგრაციის ზეწოლას და დავკარგეთ კონტროლი", - აღნიშნა ფიშერმა.

ინტერვიში ფიშერი აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" არ არის გულწრფელი საკუთარ მოსახლეობასთან, ვინაიდან ხალხი ოცნებობს ევროპაზე, ევროკავშირში გაწევრანებაზე, ძალაუფლებაში მყოფი პირებისთვის კი ეს მნიშვნელოვანი არ არის. 

"ეს არის ჩემი ერთგვარი დასკვნა საქართველოზე, აქ ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ: ვფიქრობ, ისინი, ვინც საქართველოში ძალაუფლებაში არიან, მივიდნენ დასკვნამდე, რომ არ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, რომ ეს არ არის მათ ინტერესში. თუმცა, მათ არ შეუძლიათ ეს უთხრან მოსახლეობას. ისინი არ არიან გულწრფელები და პატიოსნები თავიანთ მოსახლეობასთან, ვინაიდან მოსახლეობა კვლავაც ოცნებობს ევროპაზე, ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზების გამო.

ზოგიერთმა ქართველმა ზუსტად იცის რა არის ევროკავშირი და რას ნიშნავს მასში გაწევრიანება, რა უფლებებსა და პრივილეგიებს, აგრეთვე ვალდებულებებს, რომლებიც ამას მოჰყვება. სხვები უბრალოდ ამბობენ - „მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი“, მსურს ევროპული მომავალი ჩემი შვილებისა და შვილიშვილებისთვის და ამასთან, არ გამაჩნია უკეთესი ალტერნატივა, არ მსურს ვიყო რუსი ან თურქი, ირანელი ან აზერბაიჯანელი. მხოლოდ სომხეთთან ერთად ყოფნა, შესაძლოა, არასაკმარისი იყოს.

ვფიქრობ, მიზანი არის საქართველოს მოსახლეობაში ევროკავშირის იდეისადმი მხარდაჭერის შემცირება და თუკი, შესაძლოა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროექტი ჩავარდება, ეს დაბრალდეს ევროკავშირს - თქვან, რომ ეს ჩვენი კი არა, იმათი ბრალი იყოო", - თქვა ფიშერმა.


close დახურვა