11 მილიონ ლარზე მეტი პიარში - თბილისის მერმა კახი კალაძემ ეს თანხა საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტოს დახმარებით 2018-20 წლებში დახარჯა.
2018 წელს შექმნილი სააგენტოს დასაფინანსებლად თანხები თბილისის ბიუჯეტიდან საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მუხლით გამოიყოფა. აღსანიშნავია, რომ მოცემული მუხლის ფარგლებში გამოყოფილი თანხები ყოველწლიურად იზრდება. ეს მონაცემები "ფლანგვის დეტექტორმა" შეისწავლა.
ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ბოლო 3 წლის განმავლობაში კახა კალაძის პიარისთვის უფრო მეტი თანხა გამოიყო, ვიდრე ისეთი პროექტებისთვის, რომლებიც საზოგადოებისთვის უფრო მნიშვნელოვანია.
2018-2020 წლებში თბილისი ბიუჯეტიდან სხვადასხვა სამუშაოსთვის გამოყოფილი თანხები:
წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგება რაიონებში - 1,928,700
თბილისის განვითარების კვლევები, სტრატეგიები და პროექტები - 422,300
თბილისში შემომყვანი ტურიზმის მხარდაჭერა - 1,396,200
ქალაქის საინვესტიციო პოტენციალის რეალიზაცია - 857,400
ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების შემუშავება - 4,287,800
ბიზნესის სტიმულირება - 2,411,300 ლარი
საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო - 11,463,800
საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო თანხებს სხვადასხვა მიმართულებით ხარჯავს. აღსანიშნავია სააგენტოში დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურებაც. ჯამში, სააგენტოს თანამშრომლების ხელფასებში მილიონ 700 ათას ლარზე მეტი იხარჯება. თუმცა ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების დიდი ნაწილი სარეკლამო ვიდეორგოლების დამზადებას და ფეისბუქ რეკლამირებას ხმარდება.
1 რაიონის 1 წლის ბიუჯეტი 1 ადამიანის პიარისთვის - ასე აფასებს ოპოზიცია კომუნიკაციის სააგენტოსთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებს. მათი თქმით, კახა კალაძეს საზოგადოების მდგომარეობა არ აღელვებს და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის თავის მოწონებით არის დაკავებული. ოპოზიციის აზრით, მდგომარეობა მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გამოსწორდება.
2020 წლის თბილისი ბიუჯეტის მიხედვით საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტოსთვის უკვე გამოყოფილია 4 მილიონ 667 ათასი ლარი. ეყოფა თუ არა თბილისის მერს ეს თანხა პიარისთვის, ეს წლის ბოლოს გახდება ცნობილი. "ფორმულა ნიუსის" მცდელობის მიუხედავად, ამ საკითხზე თბილისის მერიას კომენტარი არ გაუკეთებია.