ფოთში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის კიდევ სამ პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.
გამოძიების ცნობით, 2 ივლისს ფოთში ი.ქ., ო.კ., გ.რ., ი.ფ., ი.ა, და ზ.ო. წარსულში არსებული დაპირისპირების გამო ანგარიშსწორების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღითა და ბეისბოლის ჯოხებით შეიარაღებულები, თავს დაესხნენ მამასთან და მეგობართან ერთად პანაშვიდზე მყოფ ვ.ტ.-ს და სასტიკად გაუსწორდნენ მას. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მის მამასაც.
პროკურატურის ცნობით, ხელკეტებით ცემის შემდეგ, ერთერთმა თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ვ.ტ.-ს ქვედა კიდურები დაუზიანა, ხოლო შემდეგ თავდამსხმელებმა ერთერთი მათგანის კუთვნილი ავტომანქანით გაიტაცეს. იმავე დღეს ვ.ტ. მიიყვანეს ფოთის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ვ.ჯ. მივიდა. ამ ტერიტორიაზე ი.ქ.-მ, ო.კ.-მ, გ.რ.-მ, ი.ფ.-მ, ი.ა.-მ და ზ.ო.-მ მჭრელი საგნის გამოყენებით ვ.ტ.-ს სხეულის სხვადასხვა ადგილი დაუსერეს და განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის მიზნით, ბეისბოლის ჯოხებით თავისა და სხეულის არეში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენეს.
"თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. აღნიშნულ საქმეზე, ასევე ი.ქ.-ს, ვ.ჯ.-ს და ო.კ.-ს ბრალი წარედგინათ 5 ივლისს, ხოლო გ.რ.-ს - 7 ივლისს. “, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ცნობისთვის, შემთხვევა 2 ივლისს მოხდა. 45 წლის კაცი, სავარაუდოდ, ე.წ. კრიმინალური გარჩევის მსხვერპლი გახდა. ის გაიტაცეს და სცემეს. მიყენებული დაზიანებების შედეგად კაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გარდაცვლილის მამა ადასტურებს, რომ მის შვილს წარსულში კრიმინალურ ავტორიტეტებთან ჰქონდა ურთიერთობა და მათთან უთანხმოებაც მოუვიდა. ის მისი შვილის მკვლელობაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვს.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, და 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.