logo
ENG



ფონ დერ ლაიენი: EU-ს ქვეყნებმა, ვისაც ეს შეუძლიათ, სასწრაფოდ უნდა მიაწოდონ იარაღი უკრაინას

17 აპრ 202215:23
3 წუთის საკითხავი
 
ფონ დერ ლაიენი: EU-ს ქვეყნებმა, ვისაც ეს შეუძლიათ, სასწრაფოდ უნდა მიაწოდონ იარაღი უკრაინას

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უკრაინისთვის ყველანაირი დახმარების, მათ შორის მძიმე აღჭურვილობის მიწოდებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინაში ვიზიტის, ბუჩას ნახვისა და ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ქვეყნის დახმარების კიდევ უფრო დიდი სურვილი აქვს.

„ომის რეალობის ნახვა იყო აბსოლუტური საშინელება. მასიური საფლავი ბუჩას ეკლესიასთან, ბევრი, ბევრი პარკი ცხედრებით, ქუჩები, სადაც ადამიანებს განურჩევლად ხვრეტდნენ, დაბომბილი სახლები, დაბომბილი მანქანები.

მე შევხვდი პრეზიდენტ ზელენსკის. მშვიდ, ძლიერ ლიდერს, ძალიან კარგად ინფორმირებულს. ამ ვიზიტმა კიდევ ერთხელ მომცა მოტივაცია დავეხმაროთ უკრაინას და გავაკეთოთ ყველაფერი, რომ დავასრულოთ ეს სასტიკი და გაუმართლებელი რუსული აგრესია", - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. 

ჟურნალისტის კითხვაზე ემხრობა თუ არა ის მძიმე შეიარაღების მიწოდებას, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინამ უნდა მიიღოს ყველაფერი რაც სჭირდება და ბლოკის წევრ ქვეყნებს სწრაფი მოქმედებისკენ მოუწოდა. 

„მე არ განვასხვავებ მძლავრ და მსუბუქ იარაღს. უკრაინამ უნდა მიიღოს ის, რაც სჭირდება და რისი მიღებაც შეუძლია თავდაცვისთვის. ევროკავშირი ამისთვის 1.5 მილიარდ ევროს გამოყოფს, ბევრი წევრი სახელმწიფო კი დამატებით აწვდის.“

ეს ყველა წევრ ქვეყანას ეხება, ვისაც შეუძლია, ძალიან სწრაფად უნდა მიაწოდოს [იარაღი], რადგან მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს უკრაინა გადარჩენას რუსეთის წინააღმდეგ ამ მტკივნეულ თავდაცვით ბრძოლაში“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. 


close დახურვა