შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფონიჭალაში 9 ნარკორეალიზატორი დააკავეს.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულები სისტემატურად ყიდდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. როგორც შსს იტყობინება, სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულისგან რამდენჯერმე შეისყიდეს ჰეროინი. საკონტროლო შესყიდვები ფარულად გადაიღეს.
„პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 94 შეკვრა „ჰეროინი“, ასევე, ნარკოტიკული საშუალება "მეტადონი", 16 000 ლარამდე თანხა და მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილით, მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე 273-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას გულისხმობს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.