ფორმულას ინფორმაციით, კასპის სპეცოპერაციის დროს დაკავებულმა გიორგი მენაბდიშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. მან ასევე უარი თქვა სახაზინო ადვოკატზე და იყენებს დუმილის უფლებას.
ყოფილმა პოლიციელმა, გიორგი მენაბდიშვილმა გუშინ, 16 იანვარს კასპში, ქვის საამქროში, რომლის წილსაც თავადვე ფლობს, მძევლები აიყვანა. ის ოკუპირებული ტერიტორიების გავლით რუსეთში გადაყვანას ითხოვდა. რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ ის სამართალდამცველებს ჩაბარდა.
ოჯახის წევრების თქმით, მას კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები ემუქრებოდნენ. როგორც ისინი ამბობენ, მენაბდიშვილმა სამსახურიდან [ქვის საამქროდან, რომლის 10%-იან წილს ფლობდა], გაათავისუფლა პირი, რომელმაც საქმეში სწორედ კრიმინალები ჩართო და მუქარებიც ამის შემდეგ დაიწყო.
ოჯახის წევრების თქმით, გიორგი მენაბდიშვილმა დახმარების თხოვნით რამდენჯერმე მიმართა კასპის პოლიციას, შემდეგ კი თბილისის მთავარ სამმართველოს, თუმცა, უშედეგოდ.
"ამ კოკომ [სამსახურიდან გათავისუფლებულმა პირმა] საქმეში ჩართო თავის სამეზობლოში მცხოვრები ქურდები. იყო მუქარა. ჩვენ ყველაფერს არ გვეუბნებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ცოლ-შვილი სასწრაფოდ გაიყვანა სახლიდან. საჩივარი შეიტანა კასპის პოლიციაში, გაუკეთეს იგნორირება, წადი აქედან, ბიჭოო". - თქვა გიორგი მენაბდიშვილის დედამ.
"ასეთი ბავშვი, ამ ზომამდე მიყვანილი, გიჟივით იყო. შეშინებული იყო, მალავდა ცოლ-შვილს, დამდევენო და მითვალთვალებენო. პოლიციის ყურადღება რომ მიექცია, იმიტომ გააკეთა ის, რაც გააკეთა. ჩენთან არავინ მოსულა, რომ მშობლები დაეკითხა, რა ხდებოდა, ეკითხა, თუკი გემუქრებიან, მოდი და მხარში დაგიდგებით, როგორც პოლიცია, დაგიცავთო". - თქვა მისმა დეიდამ.
მუქარასა და პოლიციის ინფორმირებაზე ლაპარაკობს გიორგი მენაბდიშვილის ცოლის დაც.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ უწყებაში გამოძიება დაწყებული იყო ყოფილი პოლიციელის მიმართ მუქარის ბრალდებით.