logo
ENG



ფორმულამ თბილისში, სავარაუდოდ, ქოლ-ცენტრებს მიაკვლია

02 აგვ 202320:31
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას წყარომ ორი კონკრეტული მისამართი მიაწოდა, სადაც, სავარაუდოდ, ქოლ-ცენტრები ფუნქციონირებს.

წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი ქოლ-ცენტრი ალექსიძის ქუჩაზე მდებარე ბიზნეს ცენტრის მე-20 სართულზე მდებარეობს.

ფორმულას ჟურნალისტები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში, შენობაში შევიდნენ და იმ ადამიანებთან გასაუბრებას ცდილობდნენ, ვინც სავარაუდოდ, ქოლ-ცენტრშია დასაქმებული.

მე-20 სართულზე მყოფი ადამიანები ურთიერთგამომრიცხავ კომენტარს აკეთებენ არ აკონკრეტებენ, სად მუშაობენ.

რამდენიმე მათგანმა თქვა, რომ შენობის მე-20 სართულზე საცხოვრებელი ფართია, ერთ-ერთმა პირმა კი აღნიშნა, რომ იქ IT სპეციალისტად მუშაობს და მნიშვნელოვანია, რომ ოფისში კომპიუტერული სისტემა გამართული იყოს.

აღსანიშნავია ისიც, რომ შენობის იმ სართულზე, სადაც, სავარაუდოდ, ოფისი მდებარეობს, უსაფრთხოება განსაკუთრებით კონტროლდება.

რაც შეეხება მეორე სავარაუდო ქოლ-ცენტრის მისამართს, ის ბაგებში მეტრაპარკის ტერიტორიაზე, საკანდელიძის 23 ნომერში მდებარეობს.

ფორმულას წყაროს ინფორმაციით, ახლადგახსნილი ქოლ-ცენტრი, სავარაუდოდ, პარლამენტის წევრს, ისკო დასენს ეკუთვნის.

აღსანიშნავია ისიც, რომ მთელი დღის განმავლობაში, ფორმულას გადამღებ ჯგუფს, ამ თემაზე მუშაობისას უცხო პირები აედევნენ, უთვალთვალებდნენ და მობილურით უღებდნენ. ჟურნალისტმა ერთ-ერთ მათგანთან გასაუბრება სცადა, თუმცა მან კითხვებს პასუხი აარიდა და თქვა, რომ "ინტერვიუს არ გვაძლევს".

ფორმულას ჟურნალისტმა, სავარაუდოდ, ქოლ-ცენტრების მისამართების შესახებ 112-ში დარეკა და ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა განხორციელებული ზარიდან 1 საათზე მეტი გავიდა და ალექსიძის ქუჩაზე შესაბამისი უწყებიდან არავინ გამოჩენილა.

განახლება:

ფორმულას გადამღებმა ჯგუფმა პირველი ზარის განხორციელებიდან დაახლოებით საათ-ნახევრის შემდეგ კვლავ დარეკა 112-ში, სადაც თქვეს, რომ ეკიპაჟების არასაკმარისი რაოდენობის გამო ვერ აგზავნიდნენ დახმარებას.

მოგვიანებით, ფორმულას ჟურნალისტს ვაკე-საბურთალოს მე-5 სამმართველოდან დაურეკეს და უთხრე, რომ საქმე არ ეხება პოლიციას, შესაბამისად, ზარის შინაარსი გადაეცა ფინანსურ პოლიციას.


close დახურვა