ფორმულას ინფორმაციით, თბილისის მერიას უკვე პირველ მარტს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ ფერდობზე ნაპრალი გაჩნდა.
შესაბამისი ვიდეოკადრები ტელეკომპანიას ანონიმურმა წყარომ მერიიდან მიაწოდა. მისი თქმით, ეს ვიდეო მერიას 17 დღის წინ უკვე ჰქონდა, თუმცა, ამ ხნის განმავლობაში არაფერი მოუმოქმედებია.
თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზასთან მეწყრული პროცესების დაწყებაზე 18 მარტს გახდა ცნობილი. ფერდობზე ნაპრალების ამსახველი ფოტო ინტერნეტით, Forum.ge-ზე გავრცელდა. ამის მიუხედავად, ადგილზე მძიმე ტექნიკის გამოყენებით გზის დაგების სამუშაოები ისევ გრძელდება.
მეწყრულ პროცესებს თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და გზის მიმდინარე სამუშაოებთან კავშირში არაა. ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ ამ საკითხის შესასწავლად მერიამ გერმანელი სპეციალისტები მოიწვია.
გეომორფოლოგი ლაშა სუხიშვილი, რომელიც ადგილზე გაეცნო ვითარებას, ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ მიმდინარე სამშენებლო პროცესების გამო ფერდობს საყრდენი გამოეცალა და, სავარაუდოდ, სწორედ ამან გამოიწვია მეწყერი.
"მნიშვნელოვანია, რომ ფერდობს ძირი აქვს გამოჭრილი. აქ საინტერესო მომენტია ისიც, რომ ფოტოები, რომლებიც ყველამ ვნახეთ, ცალსახაა, ეს ბლოკი აქ გამჩერებელი არ არის და ჩამოვა ქვემოთ", - ამბობს სუხიშვილი.
სეისმოლოგ თეა გოდოლაძის შეფასებით, მეწყრის ტანის სიღრმე დაახლოებით, 10 მეტრია, ხოლო დინამიკაში მოსულია ნახევარი მილიონი კუბი მასალა.
- რა ხდება ფერდობის მიმდებარე ტერიტორიაზე სრულად იხილეთ აქ.