ფორმულას ინფორმაციით, პარტია ლელო საქართველოსთვის, ანა დოლიძის პარტია "ხალხისთვის" და პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების მოედანი" ერთიანდებიან.
ფორმულას ინფორმაციითვე, პარტიები და პოლიტიკური მოძრაობა გაერთიანებასთან დაკავშირებით ოფიციალურად დღეს განაცხადებენ.
გაერთიანებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ უარყოფენ პარტიების ლიდერები, თუმცა აღნიშნავენ, რომ დამატებით დეტალებს საზოგადოება დღეს 21:00 საათზე გაიგებს.
"ჩვენ გვაქვს კონსულტაციები მთელ რიგ პოლიტიკურ აქტორებთან, ინდივიდებთან და საინტერესო პატრიოტ ადამიანებთან, რომლებიც ყოველთვის იბრძოდნენ ამ ქვეყანაში ორპოლუსიანობის დასაძლევად იმისთვის, რომ ქართული პოლიტიკა განსხვავებული ყოფილიყო. ყველა ჩვენს პარტნიორს და მეგობარს ვარჩევთ იმ პრინციპით, რომ ისინი იყვნენ სუფთა წარსულის და სწორი შემართების და გვქონდეს მათთან ღირებულებითი თანხვედრა" - თქვა ლელოს წევრმა გრიგოლ გეგელიამ.
"ჩვენ გვინდა, ხელი შევუწყოთ იმას, რომ ჩვენი ხალხის ინტერესები ყოველთვის იდგეს პირველ ადგილას და არცერთი ჯგუფი, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის პარტია არ იყოს ხელისშემშლელი ფაქტორი, რომელიც ხელს შეუშლიდა საქართველოს სრულფასოვან და ღირსეულ გაწევრიანებასა და დაბრუნებას ევროპულ ოჯახში" - თქვა პოლიტიკური მოძრაობის "თავისუფლების მოედანი" წევრმა ბაკურ კვაშილავამ.
"ჩვენი ამოცანა ბოლო თვეებში იყო ის, რომ ისე შევცვალოთ რუსული ხელისუფლება, რომ მივცეთ არჩევანი ხალხს, რომლებსაც უნდათ პროგრესი, ევროპა, ცვლილება, მაგრამ არ უნდა, ხმა მისცეს ენმ-ის და მასთან დაკავშირებულ პირებს. ეს არჩევანი უნდა გაჩნდეს საარჩევნო ბიულეტენზე. ამისთვის ვმუშაობდით ბოლო რამდენიმე კვირა და შესაბამისი კონსულტაციების გვქონდა იმ მხარეებთან, რომებიც იზიარებენ ამ დღის წესრიგს" - თქვა პარტია "ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძე.