logo
ENG



ფორმულას ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე უსაშვოდ გადაადგილდება ქუჩებში

26 აპრ 202014:30
3 წუთის საკითხავი
 

​აქვს თუ არა გადაადგილების საშვი ოთარ ფარცხალაძეს? - „ფორმულას“ ინფორმაციით ასეთი საშვი არ არსებობს. 

„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ფარცხალაძის შემთხვევა მთავრობის პოლიტიკისა და წარმოებული შერჩევითი სამართალის მაგალითია.

​„თუკი არ ჰქონდა საშვი, ე.ი. კანონზე მაღლა დგას და ეს მაგალითია მთავრობის პოლიტიკისა მაშინ, როცა კანონმორჩილი მოქალაქეები იტანჯებიან და ადგებათ ზიანი. მთავრობამ უნდა გააკეთოს განმარტება - რატომ აქვს საშვი და თუ არ აქვს, რატომ გადაადგილდებოდა თავისუფლად", - აცხადებს გიორგი კანდელაკი.

„თავისუფალი დემოკრატებიც“ ფიქრობენ, რომ ფარცხალაძის თავისუფალი გადაადგილება არაფორმალური მმართველობის ერთ-ერთი სახეა და იმის დამტკიცება, რომ ქვეყანას კანონის წინაშე თანასწორობა არ არსებობს.

„გახარიამ თქვა, რომ კანონის წინაშე ვერ ვართო ყველანი თანასწორნი და ფარცხალაძეს საშვი არ სჭირდება, ალბათ იქეთ გასცემს საშვებს. განუსაზღვრელი ძალით სარგებლობენ არაფორმალური მმართველები - ფარცხალაძე ამის სახეა", - ამბობს ლევან სამუშია.

„ლეიბორისტულ პარტიაში“ კი ფიქრობენ, რომ ფარცხალაძეს გადაადგილების უფლება არ უნდა ჰქონდეს და ასე ქვეყანა უფრო მეტად ემსგავსება ბიძინა ივანიშვილის შპს-ს.

„ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში კი არა, ივანიშვილის შპს-ში ვცხოვრობთ, აქ არიან ცნობილი კასტები, მაგალითად მაფიოზა ფარცხალაძე. ბოტასების დისტრიბუტორია თუ რატომ გადაადგილდება თავისუფლად?", - განაცხადა გიორგი გუგავამ.

„ფორმულამ“ გამოითხოვა ინფორმაცია, აქვს თუ არა ოთარ ფარცხალაძეს გადაადგილებისთვის საჭირო საშვი, თუმცა ჯერჯერობით პასუხი ჩვენს კითხვაზე არ გაუციათ.


close დახურვა