ფორმულას ინფორმაციით, პირი, რომელმაც გუშინ ავჭალაში ვალერიან ნემსიწვერიძეს 6-ჯერ ესროლა და მოკლა, უკვე იდენტიფიცირებულია და სამართალდამცველებს მის შესახებ ინფორმაცია უკვე აქვთ.
ფორმულას ინფორმაციით, სარაჯიშვილის ქუჩაზე ვალერიან ნემსიწვერაძე ერთ-ერთ ჯიხურთან გაჩერდა, რა დროსაც მას გვერდიდან ავტომობილი დაეწია. ნემსიწვერიძეს სწორედ ამ მანქანაში მყოფმა პირმა ესროლა.
ადვოკატი დეტალებს არც უარყოფს და არც ადასტურებს. ამასთან კატეგორიულად გამორიცხავს, რომ მომხდარი ნემსიწვერიძის წარსულს უკავშირდება. მისივე თქმით, ჩხრეკა გარდაცვლილის სახლშიც ჩატარდა, საიდანაც სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს.
"იმისათვის, რომ წვდომა ჰქონდეს ადვოკატს საქმეზე, სჭირდება დაზარალებული. ოჯახის მდგომარეობიდან გამომდინარე დაზარალებული ჯერ არ გვყავს საქმეში, თუმცა ბრალდების მხარიდან მივიღეთ პირობა, რომ ეს არ იქნებოდა შემაფერხებელი გარემოება და წვდომა მექნებოდა აბსოლუტურად. მიმდინარეობს რიგი საგამოძიებო მოქმედებები და ვერ ვისაუბრებ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, დაზუსტებით შემიძლია გითხრათ ერთი რამ, რომ გუშინ გავრცელებულ არცერთ ვერსიას, არანაირი კავშირი არ აქვს წარსულში მომხდარ დაპირისპირებასთან. არანაირი არჩევნები, არანაირი პოლიტიკა საქმესთან კავშირში არ არის", - აცხადებს ადვოკატი ნიკა წულეისკირი.
ვალერიან ნემსიწვერიძე 2004 წელს VI მოწვევის პარლამენტის წევრზე, კახა გიუაშვილზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს და 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ნემსიწვერიძე ციხიდან 2013 წელს ამნისტიის კანონის საფუძველზე გათავისუფლდა.
ნემსიწვერიძემ, მასთან ერთად დაკავებულ დავით მინდაძესთან ერთად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა, რომელმაც 2017 წელს დაადგინა, რომ ნემსიწვერიძის და მინდაძის მიმართ დაიღრვა წამების აკრძავის მუხლი, ასევე, სტრასბურგმა უკანონოდ მიიჩნია მათი წინასწარი პატიმრობა. სტასბურგმა მათ მიმართ საქართველოს ჯამში, მორალური ზიანისა და დანახარჯების ასანაზღაურებლად 49 000-მდე ევროს გადახდა დააკისრა.