ფორმულას ჟურნალისტი ნინო ვარძელაშვილი 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებულად ცნეს.
მას დაზარალებულის სტატუსს ოფიციალურად დღეს მიანიჭებენ.
"კონკრეტულად ჩემს ეპიზოდთან დაკავშირებით, რა საგამოძიებო მოქმედებებია ჩატარებული, არ ვიცი. ერთხელ ვიყავი გამოკითხვაზე, მივაწოდე ინფორმაცია. ჩვენ ვხედავთ, რომ სამართალდამცველები ლოკალურად ახდენენ ადამიანების დაკავებას და არ ავლენენ ორგანიზატორებს, მიუხედავად იმისა, რომ იმიტაცია შექმნეს, თითქოს აპირებდნენ ალტ-ინფოს წარმომადგენლების დაკავებას", - ამბობს ნინო ვარძელაშვილი.
ამ დროისთვის 5 ივლისის საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 52 პირი. მათ შორის 42 ჟურნალისტი და ოპერატორი.
5 ივლისს ღირსების მარში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა დილიდან ძალადობრივი კონტრაქცის მონაწილეები მედიის წარმომადგენლებს დაესხნენ თავს, რა დროსაც 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი დაშავდა, მათ შორის TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.
ამ დრომდე არ არიან დაკავებული აქციის ორგანიზატორები.