logo
ENG



ფოტიგა: საქართველოს ერთ-ერთი პრობლემა ერთი ოლიგარქის მონოპოლისტური პოზიციაა

22 ივნ 202212:46
3 წუთის საკითხავი
 

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ საქართველოს ერთ-ერთი პრობლემა ერთი ოლიგარქის მონოპოლისუტური პოზიციაა.

ბრიუსელში, ფორმულასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ფოტიგა ამბობს, რომ დეოლიგარქიზაციის პირობის შესრულება ქართულ ოცნებაზეა დამოკიდებული.

"რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, ვფიქრობ ეს ქართველ ხალხზე, საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული ამ პირობის შესრულება, მაგრამ მრავალი პარლამენტარის და მათ შორის ჩემი დაკვირვების შედეგია ის, რომ საქართველოს ერთ-ერთი პრობლემა ერთი ოლიგარქის მონოპოლისტური პოზიციაა"- თქვა ფოტიგამ.

ევროპარლამენტარმა ისაუბრა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობაზე და თქვა, რომ არსებობს პირობები და დრო, რომელიც მთავრობამ უნდა გამოიყენოს.

ფოტიგა მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის ეს არის შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც ხელიდან არ უნდა გავუშვათ.

მისივე შეფასებით, ევროკომისიის რეკომენდაციაში არსებული პირობები "ძალიან სამართლიანია"

"პროცესი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. მიმდინარეობს დიპლომატიური ქმედებები, თუმცა ვფიქრობ, რომ საბჭო უფრო გადაიხრება ამ რეკომენდაციების შესრულებისკენ. მათ ყურადღებით გავეცანი, განსაკუთრებით კი საქართველოს გამო. გარკვეული პერიოდის წინ, ჩემი შეშფოთების მიუხედავად, შევეცადე ბიძგი მიმეცა საქართველოს კანდიდატის სტატუსისთვის.

ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოყენებული იქნას შესაძლებლობების ეს ფანჯარა. უნდა ვაღიარო, რომ ეს რეკომენდაციები ევროპული ენის ცოდნიდან გამომდინარე, ზოგადად, პოზიტიურია საქართველოსთვის და ფანჯარას ღიას ტოვებს. საერთო ჯამში, დამოკიდებულება პოზიტიურია. არსებობს ნათლად ჩამოყალიბებული პირობები საქართველოსთვის. ძალიან რთულია მათი განხილვა. არის მითითებები უკრაინისთვისაც, თუმცა აშკარაა, უკრაინის მიერ ბოლო პერიოდში გაწეული სამუშაო ჩვენი ღირებულებების საბრძოლველად არაფერს შეედრება. საქართველოს შემთხვევაში, პირველად არის გამოხატული ნათელი ევროპული პერსპექტივა და აღიარებული ქართველი ხალხის სურვილი.

ვამბობ ხოლმე, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი ყველაზე პროევროპული ერი მსოფლიოში. არსებობს პირობები და დრო ამ პირობების შესასრულებლად. ვფიქრობ, იქნება გონივრული დროის მონაკვეთი და ხელახალი შეფასება მათი შესრულების დონის განსაზღვრისთვის. ვურჩევ საქართველოს მთავრობას, წაიკითხოს ეს პირობები და შეეცადოს შეასრულოს ისინი ან სულ მცირე, დაიწყოს მათი შესრულება, რადგან ძალიან სამართლიანი პირობებია ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ"- განაცხადა ფოტიგამ.

17 ივნისს, ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინა-მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, საქართველოსთვის - არა.

24 ივნისს ევროპული საბჭო განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

იმისთვის, რომ ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ, საჭიროა 27-ვე ქვეყნის თანხმობა.


close დახურვა