ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ამბობს, რომ ის და მიხეილ სააკაშვილის მეგობარი ევროპარლამენტარები შეშფოთებულები არიან ექსპრეზიდენტის შიმშილობის გამო.
როგორც ფოტიგამ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინიციატივით გამართულ ვებინარზე თქვა, ისინი, პირველ რიგში, საქართველოს მეგობრები არიან და მათ სურთ, ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს, ვინ მართავს ქვეყანას.
„ბევრი წელია, საქართველოში არჩევნებს ვაკვირდები. ჩამოვდიოდი სისტემატურად ქვეყანაში, გარდა პანდემიის პერიოდისა.
საქართველოს მომავლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკური ვითარების გაწონასწორება. უნდა ვიცოდეთ, რომ ის, რაც მოხდა, კონკრეტულად კი ის, რაც მოხდა 2019 წლის ივნისში, იყო არეულობის ანარეკლი, რაც ხდებოდა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში.
ქართველები წესიერი და ამაყი ხალხია. მე მიყვარს ქართველი ერი. პოლონეთს და საქართველოს ბევრი საერთო მახასიათებელი აქვს. მიუხედავად ამისა, მე გაოგნებული ვიყავი ამ რეაქციით. ეს ისეთი აშკარა და ნათელი იყო.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს - ვიცი, რომ მისი მმართველობა სრულყოფილი არ ყოფილა. მიუხედავად ამისა - მე იქ ვიყავი და ვაკვირდებოდი 2012 წლის არჩევნებს. მე მოვუსმინე მის განცხადებას, რომელიც ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადებისთანავე გაკეთდა - მან აღიარა ოპონენტების გამარჯვება და განსაკუთრებით მშვიდობიანად მოიქცა.
და რა მოხდა შემდეგ? ის გარიყულად იქცა და კანონს მიღმა დარჩა.
მას სასჯელი ფაქტობრივად სასამართლოს გარეშე მიუსაჯეს.
მას ყველა უფლება ჰქონდა, თავის ქვეყანაში დაბრუნებულიყო. მე იმედი მაქვს ღია და გამჭვირვალე სასამართლო პროცესების.
ვიცი, რომ შიმშილობს. ჩვენ ამის გამო შეშფოთებულები ვართ. ჩვენ, მისი მეგობრები ევროპარლამენტში და ჩვენ ბევრნი ვართ - შეშფოთებულები ვართ.
მაგრამ ჩვენ უფრო მეტად საქართველოს მეგობრები ვართ. ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ უნდა მართოს ქვეყანას. ჩვენი როლი არ არის ამის განსაზღვრა.
ახლა რაც ხდება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, არ არის სწორი. ჩემს გონებაში მაინც ჩნდება აზრი, რომ ასე ხდება, რადგან ის პუტინს ძალიან სძულს.
გთხოვთ, იპოვეთ გამოსავალი. ეს თქვენი როლია, არა ჩვენი. ჩვენ შუამდგომლობა, ფასილიტაცია შეგვიძლია". - თქვა ანა ფოტიგამ.
ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი მიხეილ სააკაშვილი საქარველოში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. მას შემდეგ, უკვე 40 დღეა, ის შიმშილობს.
გუშინ, 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს, ის, ნაცვლად მოთხოვნილი სამოქალაქო მრავალპროფილური კლინიკისა, მოტყუებით გადაიყვანეს გლდანის ციხის საავადმყოფოში. მას პატიმრებმა შეურაცხმყოფელი ე.წ შუმოკი მოუწყვეს. სიტყვიერი და ფიზიკური შეუარცხყოფა მიაყენეს სამართალდამცველებმაც.