დღეს პარლამენტში ფინანსთა მინისტრს ელიან. ივანე მაჭავარიანი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე მოხსენებით წარსდგება. მინისტრი „რუსთავი 2"-ის, „იმედისა" და „მაესტროსთვის" სახელმწიფო დავალიანების ამოღების გრაფიკზე, 100 მილიონ ლარამდე ღირებულების ყალბი აქტივებისა და აზარტული თამაშების რეგულაციების საკითხებს განიხილავს.
მაჭავარიანის საკომიტეტო მოსმენას „დამოუკიდებელი დეპუტატები“ ითხოვდნენ. როგორც ფრაქციის წევრები აცხადებენ, ისინი მინისტრს მწვავე კითხვებით შეხვდებიან. როგორც „ფორმულას“ გედევან ფოფხაძემ განუცხადა, მინისტრსა და ოპოზიციას შორის მკვეთრი დაპირისპირება იქნება.
„მოუწევს ხელისუფლებას პასუხები გაგვცეს. მეეჭვება ადეკვატური პასუხები იყოს, მაგრამ მის პასუხებსა და ხელისუფლების დმაოკიდებულებაზე ამ საკითხებთან მიმართებაში არის დამოკიდებული თითონ ხელისუფლების ბედი წლის ბოლოს. ჩემი აზრით, იქნება მკვეთრი დაპირისპირება ჩვენსა და მინისტრის პოზიციას შორის. ის კომფორტი, რაც მას მინისტრის საათზე ქონდა, კომიტეტის სხდომაზე არ ექნება“, - განაცხადა ფოფხაძემ.