ფრაქცია " ქართული ოცნება - კონსერვატორების" ნაწილმა უმრავლესობის რიგები დატოვა, - ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ზვიად ძიძიგურმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, ისინი საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას არ ეთანხმებიან და შესაბამისად, მათი გადაწყვეტილება ამით არის განპირობებული.
კერძოდ უმრავლესობა დატოვეს: ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ.
"იმედი გვქონდა, რომ ის აუტანელი პოლიტიკური გარემო, რომელშიც იმყოდება საქართველო ბოლო 8 წელია, შეიცველბოდა საკონსტიტუციო ცვლილებით, პოლიტიკურ მინდორზე დივერსიფიკაციით და ყველა პარტიას მიეცემოდა პროცესებში მონაწილეობის საშუალება. მაგრამ ეს ყველაფერი გუშინ ჩაფლავდა. ახლა ვეტყვი იმათ, ვისაც შეიძლება ეგონოს, რომ ჩვენ გუნდი მაშინ მივატოვეთ, როდესაც მას ვჭირდებოდით, ბოდიში თქვენთან ყველასთან, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ჩვენ არ მიგვიღია. ეს გადაწყვეტილება მიგვაღებინა იმ 40-მა დეპუტატმა ვინც უარი თქვა, რომ მხარი დაეჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. არასდროს არ წავსულვართ და არ გვიღალატია გუნდური თამაშის პრინციპისთვის. არ ვაპირებთ დავრჩეთ იქ, სადაც ღებულობენ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს, რომელიც პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისითაც გაუმართლებელია. გაუმართლებელს იმიტომ ვამბობ, რომ ვცდილობ რბილი სიტყვა შევარჩიო, თორემ ენის წვერზე სხვა სიტყვაც მადგება", - განაცხადა ძიძგურმა.
რაც შეეხება სამომავლო გეგემბს, ძიძგურის თქმით, პარტია ყრილობას ჩაატარებს და გეგმებზე შეჯერდება.
ცნობისთვის, "კონსერვატორების" რიგებში დეპუტატები - ზვიად ძიძიგური, ნინო გოგუაძე, გიგია ბუკია, მუხრან ვახტანგაძე, რუსლან გაჯიევი და პაატა კვიჟინაძე არიან.