თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც საქართველოს ავიახაზებმა გააუქმა პირდაპირი რეისი ლონდონი-თბილისი, რის გამოც ფესტივალს ვეღარ ესტუმრება სახელგანთქმული ბრიტანელი რეჟისორი სტივენ ფრირზი.
„ფორმულა" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს ავიახაზებმა გააუქმა პირდაპირი რეისი ლონდონი-თბილისი, რის გამოც ფესტივალს ვეღარ ესტუმრება სახელგანთქმული ბრიტანელი რეჟისორი სტივენ ფრირზი.
ფესტივალს დაგეგმილი ჰქონდა რეჟისორის ფილმების რეტროსპექტივა და მისთვის "საპატიო პრომეთეს" გადაცემა.
სამწუხაროდ დაჯილდოვება და რეჟისორთან შეხვედრა აღარ შედგება, რისთვისაც კინოფესტივალი ბოდიშს უხდის თავის მაყურებელს," - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მეოცე საერთაშორისო კინოფესტივალი პირველ დეკემბერს გაიხსნება. კინოფესტივალის ფარგლებში საუკეთესო მხატვრულ, დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიან ფილმებს მთავარი ჯილდო - "ოქროს პრომეთე" გადაეცემა. კონკურსში წელს მხოლოდ ქართული ფილმები მონაწილეობს, თუმცა იგეგმება უცხოური ფილმების ჩვენებაც. ევროპული და მსოფლიო კინოს საუკეთესო ნამუშევრები წარმოდგენილი იქნება სექციებში- "ჰორიზონტები", "ამერიკები" და "ევროპული ფორუმი".