logo
ENG



ფრენის პრობლემის გამო მძიმე დაავადების მქონე ბავშვებთან ქირურგი ჩამოსვლას ვერ ახერხებს

02 ივლ 202020:43
3 წუთის საკითხავი
 

მშობლები რომელთა შვილებიც გულის მძიმე დაავადებებს ებრძვიან, იმ ერთადერთი ქირურგის ჩამოსვლას და ქვეყანაში ბარიერების გარეშე შემოსვლას ითხოვენ რომელსაც მათი შვილებისთვის საჭირო ურთულესი ოპერაციების ჩატარება შეუძლია. შვეიცარიაში მცხოვრები ქირურგი თორნიკე სოლოღაშვილი იმ იშვიათ ოპერაციებს აკეთებს რომელზეც პასუხისმგებლობას კარდიოქირურგების უმეტესობა ვერ იღებს. ამიტომ პაციენტებისთვის ექიმის ქვეყანაში ჩამოსვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ათეულობით ბავშვის მშობლებიდან დღეს რამდენიმემ კლინიკა „ღია გულთან" შესაბამის უწყებებს მათი პრობლემის გააზრება და თორნიკე სოლოღაშვილის ქვეყანაში შემოსვლა თხოვა.

პაციენტების უმეტესობას მძიმე დიაგნოზი აქვს. მათთვის ყოველი წუთი და მომდევნო დღე შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ამიტომ ქირურგის ჩამოსვლა მისი კარანტინში მოთავსების შემთხვევაში აზრს კარგავს. თორნიკე სოლოღაშვილი ქართული ქირურგიის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაა. ის ჟენევაში მოღვაწეობს სადაც 2018 წელს მედიცინის დოქტორის ხარისხიც მიიღო. მრავალ სამედიცინო ნაშრომის ავტორობასთან ერთად მისი მთავარი მიღწევა 36 წლის ასაკში 2500 ბავშვისთვის ნაჩუქარი სიცოცხლეა.  

როდის მოიხსნება ფრენებთან დაკავშირებული შეზღუდვები  ამას ზუსტად ვერავინ ამბობს. ვიდრე  ქირურგი ქვეყანაში ჩამოსვლას  შეძლებს, მისი პაციენტები მშობლებთან ერთად დღეებს ითვლიან და უმძიმეს დაავადებას ებრძვიან. პასუხის მიღება ჯანდაცვის სამინისტროსგანაც ვცადეთ, თუმცა უწყებაში  კომენტარი არ გააკეთეს. 


close დახურვა