logo
ENG



ქაბულში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა

27 აგვ 202112:30
3 წუთის საკითხავი
 

ქაბულის აეროპორტთან ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა. ინფორმაციას რამდენიმე მედიასაშუალება წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ს განცხადებით, დაღუპულებს შორის არის 13 სამხედრო მოსამსახურე, კიდევ 18 დაშავდა. თალიბები ამბობენ, რომ 28 ადამიანი დაკარგეს.

26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტთან ორი აფეთქება მოხდა. პასუხისმგებლობა ტერაქტზე ისლამურმა სახელმწიფომ აიღო, კერძოდ მისმა ავღანურმა დანაყოფმა. თვითმკვლელმა ტერორისტმა აეროპორტის შესასვლელთან, სადაც ავღანელი ლტოლვილები იყვნენ შეკრებილნი, თავი აიფეთქა. მეორე აფეთქება ერთ-ერთ სასტუმროსთან მოხდა. 

თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ტერაქტის ორგანიზატორებს პასუხს აგებინებენ.

"იცოდეთ, რომ ჩვენ არ გაპატიებთ, არ დავივიწყებთ, გიპოვით და პასუხს გაგებინებთ", — განაცხადა ბაიდენმა.

მეორე დღესვე ქაბულის აეროპორტში საევაკუაციო სამუშაოები განახლდა. აშშ აცხადებს, რომ 31 აგვისტომდე თავდასხმები ისევ მოსალოდნელია.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ევაკუაციის დასრულებამდე რამდენიმე საათი დარჩა.


close დახურვა