logo
ENG



ქადაგიშვილი: პაპზე მეტი კათოლიკობა არავის სჭირდება, მთავრობა წუხს ყველა ახალ რეგულაციაზე

05 აპრ 202111:27
3 წუთის საკითხავი
 
ქადაგიშვილი: პაპზე მეტი კათოლიკობა არავის სჭირდება, მთავრობა წუხს ყველა ახალ რეგულაციაზე

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი, აცხადებს, რომ ხელისუფლებას არ სურს რეგულაციების გამკაცრება და ყოველთვის წუხს, როდესაც ახალი შეზღუდვების შემოღება უწევს.

მისი განმარტებით, ყოველი რეგულაცია ეკონომიკაზე უარყოფითად მოქმედებს, რაც, შესაბამისად, ბიუჯეტზე აისახება.

„ყველაზე მეტად მთავრობა წუხს ყველა ახალი რეგულაციის გამკაცრების ან შემოღების პროცესში, რამეთუ რეგულაციები აფერხებს ეკონომიკის განვითარებას და დამატებით ტვირთად აწვება ეს ბიუჯეტს. რომის პაპზე დიდი კათოლიკობა არავის სჭირდება - ყველაზე მეტად მთავრობაა დაინტერესებული, რომ მინიმალური იყოს რეგულაცია, მაქსიმალური იყოს ბიზნესისთვის ოპერირების საშუალება", - აცხადებს ქადაგიშვილი.

ქადაგიშვილის თქმითვე, კორონავირუსის ე.წ. მესამე ტალღის მოლოდინში მსოფლიოს ქვეყნები ამკაცრებენ შეზღუდვებს და ვერც საქართველო იქნება გამონაკლისი.

„ჩვენ ვხედავთ რომ მსოფლიოში მესამე ტალღის მოლოდინია. ქვეყნების უფრო მკაცრ რეჟიმზე გადასვლა ხდება. რა თქმა უნდა, საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი და ვხედავთ, რომ შემთხვევების დინამიკა მზარდია", - ამბობს დეპუტატი. 

კორონავირუსის გამო რეგულაციები საქართველოში 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებს. მათ შორის ყველაზე მეტ კრიტიკას კომენდანტის საათი იმსახურებს - 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქუჩებში გადაადგილება მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია. 


close დახურვა