logo
ENG



ქალთა მოძრაობა რუსთაველის თეატრს და თეა წულუკიანს მიმართავს

15 აპრ 202117:35
3 წუთის საკითხავი
clock 985
2021/04/15/14wjzrbiufcddvr.jpg

ქალთა მოძრაობა მსახიობ ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობას უცხადებს და სამართალდამცავ ორგანოებს ამ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ მოუწოდებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დასაფასებელი და მაგალითის მიმცემია ნინუცა მაყაშვილის გადაწყვეტილება, ხმამაღლა ესაუბრა ყოფილი მეუღლის მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე.

"ქალთა მოძრაობა უპირობო სოლიდარობას უცხადებს ნინუცა მაყაშვილს! იმედი გვაქვს, საქართველოს სახელმწიფო და საზოგადოება ერთიანი იქნება ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში და მისი ყოველგვარი გამართლება მკაცრად იქნება დაგმობილი", - ნათქვამია განცხადებაში.

ქალთა მოძრაობა აცხადებს, რომ ნინუცა მაყაშვილის საქმე ქართული თეატრალური საზოგადოებისთვის გამოცდაა და მნიშვნელოვანია ყველა ის განცხადება, სადაც კოლეგები სოლიდარობას უცხადებენ ძალადობის მსხვერპლ ქალს.

მოძრაობისთვის მიუღებელია რობერ სტურუას გამოხმაურება მომხდართან დაკავშირებით. განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელი ვალდებულია, ითვალისწინებდეს სახელმწიფო ხედვას და ღირებულებებს გენდერულ საკითხთან მიმართებაში.

ამასთან, მოძრაობა ბესო ზანგურის პროფესიული საქმიანობიდან ჩამოშორებას მოითხოვს.

"ჩვენთვის მიუღებელია ოჯახში ძალადობის საშიშ დანაშაულში მხილებული პირი, ბესო ზანგური, რომელსაც არც პასუხი უგია და არც რაიმე სინანული გამოუთქვამს, იდგეს რუსთაველის ეროვნული თეატრის სცენაზე და ისევე აგრძელებდეს კარიერას, თითქოს არაფერი მომხდარა. აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ ბესო ზანგური ჩამოშორდეს მის პროფესიულ საქმიანობას თეატრში, სანამ საქმეზე არ დასრულდება გამოძიება", - ნათქვამია განცხადებაში.

ქალთა მოძრაობა კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს მოუწოდებს გამოეხმაუროს ნინუცა მაყაშვილის განცახდებას და ასევე, ჰქონდეს შეფასება რობერტ სტურუას პოზიციაზე.

"ქალთა მოძრაობა მოუწოდებს კულტურის მინისტრს გამოეხმაუროს მსახიობ ნინუცა მაყაშვილის მიერ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას მსახიობ ბესო ზანგურის მხრიდან განხორციელებული ძალადობის თაობაზე, ასევე, შეფასება მისცეს რუსთაველის ეროვნული თეატრის ხელმძღვანელის სტერეოტიპულ, დამამცირებელ და საშიშ პოზიციას ქალთა მიმართ ძალადობის უმწვავეს პრობლემაზე, ისევე როგორც მის მიზოგინიურ დამოკიდებულებას სამუშაო სივრცეში. დამატებით, მოვუწოდებთ კულტურის მინისტრს იზრუნოს მის დაქვემდებარებაში მყოფ სფეროებში ანტიდისკრიმინაციული და ანტი-ძალადობრივი პოლიტიკის და შესაბამისი მექანიზმების შექმნაზე", - ნათქვამია ინფორმაციაში.

განცახდებაში ასევე აღნიშნულია, რომ რობერტ სტურუას პოზიციაზე რეაგირება უნდა ჰქონდეს სახალხო დამცველსაც.

"მოვუწოდებთ სახალხო დამცველს, როგორც დისკრიმინაციის აღმოფხვრასა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ინსტიტუციას, რეაგირება მოახდინოს რუსთაველის სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებასა და მრავლობით დამამცირებელ განცხადებაზე, რასაც ადგილი აქვს ქალების მიმართ, მათ შორის უშუალოდ სამუშაო გარემოში.
ასევე, მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ აღნიშნული დანაშაულებრივი ფაქტი. ოჯახში ძალადობის არც ერთი შემთხვევა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნინუცა მაყაშვილი რუსთაველის თეატრის მსახიობ ბესო ზანგურს ძალადობაში ადანაშაულებს.

მაყაშვილმა ინტერვიუში ისაუბრა, რომ როცა ზანგურზე იყო დაქორწინებული, ქმარი მას ხშირად სცემდა, მათ შორის ორსულობის პერიოდშიც. ინტერვიუში მაყაშვილი 11 წლის წინანდელ მოვლენებს იხსენებს. მისი თქმით, ახლა იმიტომ ყვება, რომ აღარ ეშინია და უნდა, სხვა ქალებს, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი არიან, მაგალითი მისცეს.

ინტერვიუს შემდეგ მაყაშვილი, გამოკითხვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

ბესო ზანგური ამჟამად რუსთაველის თეატრის მსახიობია. თეატრმა 14 აპრილს გაავრცელა მორიგი განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ჩახსნეს სპექტაკლი, რომელშიც ზანგური მონაწილეობს.

ნინუცამაყაშვილს კოლეგების ნაწილმა სოლიდარობა გამოუცხადა.
ინტერვიუს გამოეხმაურა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუაც.

"ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები! და ქალებმა 1937 წელი დაიწყეს! რ ე პ რ ე ს ი ე ბ ი!" - წერს სტურუა სოციალურ ქსელში.

ნინუცა მაყაშვილის ინტერვიუს არ გამოხმაურებია კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი.


close დახურვა