logo
ENG



ქალი მარიუპოლის სამშობიაროდან სავარაუდოდ რუსებმა დაატყვევეს და პროპაგანდისთვის იყენებენ

03 აპრ 202211:09
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/03/uk0te1d59gmxw17.png
ფოტო: AP/ევგენი მალოლეტკა

ახალგაზრდა დედა მარიუპოლის სამშობიაროდან რუსებმა დაატყვევეს და პროპაგანდისთვის იყენებენ. 

მარიანა ვიშემირსკაია რუსებმა ევაკუაციის წესების დარღვევით, მოტყუებით, რუსეთში გადაიყვანეს. 

ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა Обозреватель-მა მოხალისეებზე დაყრდნობით გაავრცელა, მოგვიანებით კი გავრცელდა მარიანას ვიდეო ინტერვიუც, რომელშიც ის ამბობს, რომ მარიუპოლის ჰოსპიტალზე საჰაერო თავდასხმა არ ყოფილა. 

"გაითვალისწინეთ, რომ ის თავის ახლადდაბადებულ შვილთან ერთად არის დატყვებებული". - აცხადებენ მოხალისეები. 

გავრცელებულ ვიდეოში, რომელშიც ახალგაზრდა ქალი მარიუპოლის სამშობიაროზე საჰაერო თავდასხმას უარყოფს, მრავალი ჭრაა. 

მარია ვიშემერსკაია ყვება, რომ ჭურვი ორჯერ ისროლეს. 

"შემდეგ დავიწყეთ განხილვა, იყო თუ არა საჰაერო იერიში. გვითხრეს, რომ საჰაერო იერიში არ ყოფილა. დაადასტურეს ჩვენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. ჩვენ არაფერი გაგვიგია. ჭურვი მოფრინდა". - ამბობს ის. 

მარია ვიშემერსკაია ვიდეოში ასევე ამბობს, რომ მან თავშესაფარში 5-10 წუთი გაატარა, შემდეგ კი სამხედროები ევაკუაციისთვის მოვიდნენ. ქალი ასევე ამბობს, რომ სარდაფის დატოვების შემდეგ დაინახა, როგორ უღებდნენ ფოტოებს, რაც მისი ნების წინააღმდეგ ხდებოდა. 

რუსეთმა მარიუპოლის სამშობიაროზე საჰაერო თავდასხმა 9 მარტს მიიტანა. გავრცელდა დაბომბვას მაშინ გადარჩენილი ქალების არაერთი ფოტო. ერთ-ერთი მარიანა იყო. მან დაბომბვიდან რამდენიმე დღეში თავშესაფარში იმშობიარა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაშინ თქვა, რომ მარიანა ვიშემირსკაია ორსულად არ ყოფილა და რომ ის მოდელი იყო "რეალისტური მაკიაჟით". Associated Press-ის ფოტოგრაფს, ევგენი მალოლეტკა, რომელმაც მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვა გადაიღო, რუსეთმა უკრაინის პროპაგანდისტად მოიხსენია. ამასთან, რუსეთმა უარყო სამშობიაროს დაბომბვა და მასში უკრაინა დაადანაშაულა.

მეორე მხრივ, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მარიუპოლის სამშობიარო კლინიკაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი, მარიუპოლის დამცველი აზოვის ბატალიონის ბაზა იყო განთავსებული. 

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მარიუპოლში უმძიმესი ვითარებაა. ქალაქი ალყაშია. მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია, არ აქვთ წყალი. რუსი ჯარისკაცები მარიუპოლის მშვიდობიან მოქალაქეებს მათივე საცხოვრებელ სახლებში ხოცავენ. 


close დახურვა