logo
ENG



ქართველი სამხედროების წინაშე დღეს ქვეყნის მთავარსარდალმა სიტყვა ოკუპაცია ერთადერთხელ ახსენა

26 მაი 202020:25
3 წუთის საკითხავი
 

ქართველი სამხედროების წინაშე დღეს ქვეყნის მთავარსარდალი ისე გამოჩნდა, რომ სიტყვა ოკუპაცია ერთადერთხელ ახსენა და ისიც არა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის კონტექსტში. ვაზიანში დისტანციის დაცვით გამართულ ღონისძიებაზე ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეზე საუბარი იმით დაიწყეს, თუ როგორ ეფექტიანად გაუმკლავდა მთავრობა კორონავირუსთან ბრძოლას.

პანდემიის გამო, წელს პირველად, თავისუფლების მოედნის ნაცვლად ქვეყნის პირველმა პირებმა სამწყობრო მოედანზე, დისტანციის დაცვით, მოწყობილ სამხედროებს ვაზიანში მიმართეს. იქამდე კი საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი. 26 მაისს ქვეყნის მთავრსარდალმა საკუთარი გამოსვლის პირველი ნაწილი ხელისუფლების კორონავირუსთან ბრძოლის შეფასებას დაუთმო. 

სალომე ზურაბიშვილმა გამოსვლის მეორე ნაწილი საგარეო პოლიტიკას დაუთმო და ევროპული არჩევანის უალტერნატივობაზე ისაუბრა. პრეზიდენტის შემდეგ კი ტრიბუნა პრემიერ-მინისტრმა დაიკავა და დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებით საერთაშორისო მისიებში მყოფ ჯარისკაცებს მიულოცა. მსოფლიო პანდემია იყო გიორგი გახარიას გამოსვლის ძირითადი თემაც.

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართული ჯარის მიერ შეტანილ წვლილზე გაამახვილა ყურადღება პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო პარტნიორების როლზე ილაპარაკა.

სიტყვით გამოსვლების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს მედლები „სამშობლოსთვის თავდადებული“ გადასცეს.  

დამოუკიდებლობის დღე რეგიონებშიც აღნიშნეს, გორში პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს 26 მაისი ქვედანაყოფის მეთაურმა და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა მიულოცეს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობამ ქუთაისში, III ქვეით ბრიგადაშიც აღნიშნა. 

26 მაისის ღონისძიებები კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს უჩვეულოდ, მოსახლეობის გარეშე ჩატარდა.


close დახურვა