"ქართულ ოცნებას" ისევ ძალიან არ უმართლებს - ამ სიტყვებით დაიწყო გადაცემა "თითქმის ყოველდღე მიშა მშვილდაძესთან." როგორც გადაცემის წამყვანმა საუბრის დასაწყისში აღნიშნა, მხოლოდ ბოლო დღეები რომ ავიღოთ, ხელისუფლება უმკაცრესად გააკრიტიკეს კონგრესმენებმა, ამერიკულ პრესაში დაიწყო საუბრები ბიძინა ივანიშვილისათვის სანქციების დაწესებაზე, ფეისბუქმა "ქართული ოცნება" ტროლებისა და ბოტების მეშვეობით ყალბი ამბების გავრცელებაში დაადანაშუალა და ფეიჯები წაუშალა, გასკდა ამბავი, რომ კალათბურთის მსოფლიო ფედერაციაც გადავაგდეთ...
ტრადიციულად მშვილდაძემ ბოლო დღეებში განვითარებულ სხვა პოლიტიკურ მოვლენებსაც შეეხო და მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის სკანდალურ ინტერვიუს.
"სალომე ზურაბიშვილმა "ქართულ ოცნებას" პირველი სერიოზული დარტყმა ინტერვიუს დასაწყისშივე მიაყენა, განაცხადა რა, რომ მისი ყველა მოქმედება შეთანხმებულია მთავრობასთან!",-აღნიშნა მიშა მშვილდაძემ.
გადაცემის წამყვანი ინტერვიუს სხვა ნაწილსაც შეეხო. საუბარია ზურაბიშვილის მიერ სასაზღვრო ზოლების შეფასებაზე. პრეზიდენტის თქმით, ჩვენ საზღვარი მხოლოდ კონფლიქტურ რეგიონებთან კი არ გვაქვს, როგორც პრობლემატური საზღვარი, ასევე აზერბაიჯანთან და სომხეთთან. მიშა მშვილდაძე არ გამორიცხავს, რომ ამ მორიგი სკანდალურ განცხადების შემდეგ სომხეთი და აზერბაიჯანი საქართველოს წინააღმდეგ გაერთიანდეს.
რაც შეეხება კვირის სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს, გადაცემის წამყვანმა ჯანდაცვის მინისტრზეც ისაუბრა. მშვილდაძემ ამჯერად მინისტრის ის განცხადება გაიხსენა, სადაც იგი გრიპის ვირუსსზე საუბრობს და ამბობს, რომ ვირუსი ყოველ წელს ყველა ქვეყანაშია. შესაბამისად ჩვენც როგორმე გადავიტანთ. მშვილდაძემ მინისტრის მიერ პრობლემის ამგვარ შეფასებას ქართული პოლიტიკისთვის დამახასიათებელი უწოდა.
"სხვა ქვეყნებზე მითითებით გაპრავებები ჰო ვერ დასრულდა ამ ქვეყანაში",-აღნიშნა მიშა მშვილდაძემ.
ამ საკითხების გარდა გადაცემაში "თითქმის ყოველდღე მიშა მშვილდაძესთან" პოლიტიკოსების მიერ ბოლო დღეებში გაკეთებული სხვა სკანდალური შეფასებებიც გაიხსენეს. ერთ-ერთია გოგა ხაინდრავას მიერ მიყენებული შეურაცხყოფა იმ საზოგადოების მიმართ, რომელიც "ფეისბუკის" აქტიური მომხმარებელია.
"ფეისბუკი არის შეუმდგარი ადამიანების სამყარო",-აღნიშნა ხაინდრავამ.
მიშა მშვილდაძის თქმით, ხაინდრავამ ამგვარი ქმედებით საქართველოსა და დანარჩენ მსოფლიოში უამრავ ადამიანს მიაყენა შეურაცხყოფა.
პოლიტიკური მოვლენების პარალელურად კი გადაცემის ფარგლებში კულტურული პრობლემებიც მიმოიხილეს. ამჯერად საუბარია "ფორმულას" მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე, რის მიხედვითაც ოპერის შენობა დანგრევის წინაშეა. აღნიშნული ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა და მიზეზად მიწაში გრუნტის წყლების მოძრაობა დასახელდა, თუმცა მშვილდაძის თქმით ამ ფაქტზეც სავარაუდოდ ხელისუფლება ოპოზიციას დააკისრებს პასუხისმგებლობას.
გადაცემის დასასრულს კი მიშა მშვილდაძემ რუსეთის ფედერაცია ახსენა.
"გადაცემას კი დავასრულებთ სათაურით, რომელსაც ერთ სიტყვასაც ვერ დაამატებთ, რომ უფრო სასაცილო გახდეს: რუსეთის მეტეოროლოგიურ თანამგზავრს მეტეორიტი დაეცა",-აღნიშნა მიშა მშვილდაძემ.