ევროპარლამენტარების კრიტიკას ოპოზიციის წევრები ეხმაურებიან.
მმართველი გუნდის ოპონენტების შეფასებით „ქართული ოცნება" იმის ნაცვლად, რომ ასრულებდეს საერთაშორისო მეგობრებისთვის გაცემულ დაპირებებს, ეჭვქვეშ აყენებს ქვეყანაში დემოკრატიის არსებობას.
"ევროპული საქართველოს" წევრი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტარების კრიტიკა უფრო მეტად გამწვავდება თუ „ქართული ოცნება" საერთაშორისო მეგობრებისადმი გაცემულ დაპირებებს არ შეასრულებს.
“ქართულ ოცნებას“ ჰგონია, რომ როგორც ქვეყნის შიგნით ატყუებს ადამიანებს, მაგალითად რომ ცხოვრებას გაუიაფებს ან სამსახურს უშოვეს, ჰგონია, რომ ასევე მოექცევა კონგრესმენებს და ევროპარლამენტარებს. ჰგონია, რომ დღეს დაჰპირდება, გარანტიას გასცემს, მოატყუებს და მერე 1 თვის შემდეგ ყველას დაავიწყდება. როდესაც 1 კვირის წინ ზალკალიანი და თალაკვაძე ამერიკაში ვიზიტის დროს ჰპირდებოდნენ კონგრესმენებს, რომ დიალოგი გაგრძელდებოდა არ იქნებოდა პოლიტიკური დევნა, და ამ შეხვედრებიდან რამდენიმე დღეში დააპატიმრეს გიგი უგულავა, რა თქმა უნდა ამ ადამიანებს, უფრო მეტი სიბრაზე, უფრო მეტი კითხვა და უფრო მეტი შენიშვნაც აქვთ“, - აცხადებს დავით ბაქრაძე.
"კონსერვატიული პარტიის" თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური კი ამბობს, რომ პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ოპოზიციონერი ლიდერის დაკავება ქვეყნის იმიჯს აზიანებს.
"როდესაც პროკურორი შალვა თადუმაძე წაუყენებს ბრალს გიგი უგულავას, და შემდეგ მოსამართლე შალვა თადუმაძე ასამართლებს, ეს არის სრულიად წარმოუდგენელი პრაქტიკა. მე არ მგონია, რომ ის კრიტიკა, რომელიც ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან მოდის, ახლა იყოს საფუძველს მოკლებული. არ შევდივარ საქმის სამართლებრივ განხილვაში, მაგრამ ასეთი პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ასეთი გადაწყვეტილება ქვეყნისთვისაც და სასამართლო სისტემისთვისაც არის დამაზიანებელი“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.