საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს. განცხადება პარლამენტში ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პარტიები "პირს შეკრავენ" და კანდიდატს არ წარადგნენ, ქართული ოცნება პროცესში ჩაერთვება და საკუთარ კანდიდატს წარადგენს.
"საპარლამენტო უმრავლესობა არ წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატურას და ამას მივანდობთ მთლიანად ოპოზიციურ სუბიექტებსა და არასამთავრობო, სამოქალაქო სექტორს, გარდა იმ ერთადერთი შემთხვევისა, როდესაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს პროცესის ხელოვნურ დაბლოკვას, საბოტაჟს ოპოზიციური სუბიექტების მხრიდან კანდიდატების შეგნებულად არწარდგენის გზით.
თუ პირს შეკრავენ ოპოზიციური სუბიექტები და არ წარადგნენ არც ერთ კანდიდატურას იმიტომ, რომ პროცესი დაიბლოკოს, რეკომენდაციების მე-12 პუნქტი არ შესრულდეს და ვერ მოხდეს არჩევა, ეს თუ მოხდება ხელოვნურად, მხოლოდ ამ შემთხვევაში დავიტოვებთ წარდგენის უფლებას. სხვა შემთხვევაში ჩვენ ამ პროცესში კანდიდატის წარდგენის გზით არ ჩავერთვებით", - თქვა მდინარაძემ.
ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება.