logo
ENG



ქართული ოცნებიდან დემარშით წასული დეპუტატები თავს მესამე ძალად აცხადებენ

31 იან 202020:33
3 წუთის საკითხავი
 

„ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატები თავს მესამე ძალად აცხადებენ. ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატები - კონსულტაციებს პარტიის შესაქმნელად აწარმოებს და კრებს გუნდს, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. ჯერჯერობით უცნობია, ვიხილავთ თუ არა ახალ პარტიაში ყოფილ პრემიერს, გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც ფრაქციის წევრების მარიამ ჯაშისა და ლევან კობერიძის მეგობარია.

დამოუკიდებელი დეპუტატი, ლევან კობერიძე ადასტურებს, რომ თემაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, კობერიძის თქმით ფრაქცია მომავალში გახდება პარტია, რომელიც საზოგადოებისთვის ერთ-ერთი დასაყრდენი გახდება. ასევე ლევან კობერიძის თქმით, სამომავლო თანამშრომლობისთვის მოლაპარაკებები მიმდინარეობს,  იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრთან, ანა დოლიძესთანაც, აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა თავად დოლიძემაც, მისი თქმით, უკვე დიდი ხანია დამოუკიდებელ დეპუტატებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.  

 „შემიძლია დაგისტუროთ, რომ სწორედ ვმსჯელობთ იმაზე, რომ ეს ფრაქცია გახდეს ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი უახლოეს მომავალში პარტიული საქმიანობისათვის, რაც შეეხება პოლიტიკურ თანამშრომლობას, პოლიტიკური თანამშრომლობა იმ თემებზე რაზეც ღირებულებების ერთობა გვექნება, რა თქმა უნდა გვექნება. ანა დოლიძე არის ის ადამიანი, რომელთანაც ნამდვილად საინტერესო იქნება პოლიტიკური თანამშრომლობა და ჩვენ რა თქმა უნდა მასთან კონსულტაციები გვექნება“,-განაცხად ლევან კობერიძემ.

გედევან ფოფხაძის თქმით, ამ მოლაპარაკებების თემაზე მთავარი არის ის, რომ მათთან ერთად საერთო მაგიდაზე არ ისხდებიან არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც „ქართული ოცნების“ წევრები.

„მთავარი ამ მოლაპარაკებების თემაზე ის უნდა იყოს, რომ ჩვენ რომ დავსხდებით მაგიდასთან სალაპარაკოდ იქ „ნაცები“ და „ოცნება“ არ უნდა ფიგურირებდეს“,-განაცხადა გედი ფოფხაძემ.

რაც შეეხება კვირიკაშვილის მონაწილეობას ამ პროცესებში, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, გედევან ფოფხაძე მას პროცესებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

კვირიკაშვილმა დღეს არ უპასუხა „ფორმულას“ სატელეფონო ზარებს, შესაბამისად ჯერჯერობით უცნობია შეუერთდება თუ არა ყოფილი პრემიერმინისტრი დამოუკიდებელ დეპუტატებს.


close დახურვა