ქართული ოცნების ოფისთან, სადაც ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის დაწესებული 5-დღიანი კარანტინის გაუქმების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს, ვითარება დაიძაბა.
სამოქალაქო აქტივისტები ადგილზე წარწერების გაკეთებას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. აღნიშნულს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
დაპირისპირების დროს აქციის 5 მონაწილე დააკავეს.
როგორც ფორმულას შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, დაკავებულებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
7 აპრილს, მდინარე ენგურის კვეთისას საქართველოს ოთხი მოქალაქე დაიღუპა. დაღუპულებს საოკუპაციო რეჟიმისგან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის ნებართვა ჰქონდათ, თუმცა, ქართული მხარის მიერ დაწესებული კარანტინის გამო სიცოცხლით გარისკეს.
მდინარე ენგურიდან ამოყვანილი ცხედრები ერთი ოჯახის წევრები იყვნენ.
გალის მცხოვრებლებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა საოკუპაციო რეჟიმმა 1 წლის წინ, მაშინ აუკრძალა, როცა კორონავირუსი გავრცელდა. დამატებით კი საქართველოს ხელისუფლება მათ კარანტინს უწესებს, რაც მდგომარეობას განსაკუთრებით ართულებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომხდარზე მთელ პასუხისმგებლობას მხოლოდ საოკუპაციო რეჟიმს აკისრებს და აცხადებს, რომ "მომხდარმა წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების დანაშაულებრივი არსი".
10 აპრილი გლოვის დღედ პრემიერმინისტრის განკარგულებით გამოცხადდა.