თავისუფლების ინსტიტუტმა სხვადასხვა დოკუმენტაცია შეისწავლა და დაადგინდა, რომ სახელმწიფო ქართული ჯარისთვის საკვებ პროდუქციას რუსული კომპანიებისგან ყიდულობდა. საუბარია 2021-2022 წლების პერიოდზე, რადგან როგორც თავისუფლების ინსტიტუტში ამბობენ, წლების განმავლბაში საკვების შესყიდვა უფრო კონკურენტული და გამჭვირვალე იყო, თუმცა 2022 წლიდან ვითარება შეიცვალა - აღარ ტარდება კონსოლიდირებული ტენდერები, შესაბამისად, ჯარის კვების უზრუნველყოფის სისტემა ფაქტობრივად ჩაიკეტა და ღია წყაროებით მისი მონიტორინგი უკვე შეუძლებელია.
გარდა ამისა, თავისუფლების ინსტიტუტში აღნიშნავენ, რომ როდესაც მონიტორინგი ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო, შპს სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის გამოცხადებულ ტენდერებში ხშირად მმართველ პარტიასთან სხვადასხვა ფორმით დაკავშირებული კომპანიები იმარჯვებდნენ.
მაგალითად, 2019-20 წლებში 4 910 550 ლარის კონსოლიდირებულ ტენდერში გაიმარჯვა 2019 წელს შექმნილმა შპს ლუკა 2005, რომლის დამაარსებელ იაშა ჩაჩუას და დირექტორს იუზა ჯოგლიძეს 2018-2022 წლებში ქართული ოცნებისთვის და სალომე ზურაბიშვილისთვის ჯამში 135 000 ლარი აქვთ შეწირული. იაშა ჩაჩუას კომპანიები (შპს ილი ჯგუფის, შპს გიო 2010-ს, შპს New Star-ს და ა.შ) 10 წელზე მეტია სახელმწიფო უწყებების კვების უზრუნველყოფის ტენდერებს მორგებული პირობებით იგებენ.
კერძოდ, შპს ილი ჯგუფმა 2012-2020 წლებში ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობით ჯამში 109 016 199 ლარი მიიღო, აქედან უკონკურენტოდ მოგებული ტენდერების ღირებულებამ 101 012 215 ლარი შეადგინა. გარდა ამ კომპანიისა, ხეირი ნახა ასევე შპს საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია ქარვამ, რომელთანაც ჯამში 2019 წელს 6 137 235 ლარის გამარტივებული შესყიდვა გაფორმდა. კომპანიის ერთ-ერთი დამაარსებელი ნათია ბუკია, რომელიც 2018 წლამდე კომპანიის 100% წილსაც ფლობდა, არის ხობის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას შვილი. გოდერძი ბუკია 2012 წელს ნაციონალური მოძრაობის სახელით გახდა ხობის მაჟორიტარი, თუმცა, მალევე შეუერთდა ქართულ ოცნებას და 2016 წელს, მცირე ხნით, ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატიც იყო.
რაც შეეხება რუსულ კომპანიებს: საკვები ზეთის შესყიდვის ხელშეკრულებები - სულ გაფორმა 3 ხელშეკრულება 2021 წლის მარტსა და დეკემბერში, ასევე 2022 წლის ივლისში. ხეკშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 18 000 ლარს მიაღწია. ხელშეკრულებით შპს ჯეო-კოოპ-მა თავდაცვის სამინისტროს Aston-ის ფირმის ზეთი მიაწოდა, რომელიც რუსეთის ბაზარზე არსებული ლიდერი კომპანიაა ბოთლის ზეთების წარმოების მხრივ.
ბოლო და ყველაზე მსხვილი შესყიდვა 10 875 ლარის ღირებულებით შპს სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფამ რუსული ზეთის შემომტან კომპანიასთან 2022 წლის 19 ივლისს გააფორმა, როცა რუსეთი უკრაინაში უკვე ნახევარი წლის შეჭრილი იყო და ის მასშტაბური სანქციების ქვეშ ექცეოდა.
"გაუგებარია, რატომ არ მოძებნა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ქართულ ბაზარზე ზეთის მიმწოდებელი ისეთი კომპანია, რომელიც არსებულ საჭიროებას დააკმაყოფილებდა და რატომ კვებავს ქართველ თუ პარტნიორი ქვეყნის ჯარისკაცებს რუსული ნაწარმით, მაშინ როდესაც, ერთის მხრივ, მისი ქართული ანალოგები არსებობს, ხოლო მეორეს მხრივ, რუსეთთიდან დისტანცირება და მის ბაზარზე დამოკიდებულების შემცირება სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის", - ამბობენ ინსტიტუტში.
ამის გარდა, წარსულში შპს სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფამ დიდი რაოდენობის თანხა რუსული წარმოშობის სხვა პროდუქციის შესასყიდადაც დახარჯა. კერძოდ, 2015 წლიდან 2022 წლის თებერვლის ჩათვლით სახელმწიფო შპს-მ შპს დიპლომატ ჰოლდინგთან 14 გამარტივებული შესყიდვა გააფორმა - ჯამში 232 300 ლარის ღირებულების, რითაც საველე წვრთნებისთვის რუსული წარმოშობის ანაკომის სუპები, კეტჩუპი და მაიონეზი შეიძინა. 2022 წლის შემდეგ გაურკვეველია ამ კომპანიასთან კვლავ აფორმებს თუ არა თავდაცვის სამინისტრო ხელშეკრულებებს, ვინაიდან ეს ინფორმაცია უკვე სახელმწიფო შესყიდვების საიტზე აღარაა ხელმისაწვდომი.