პლოხოტნიუკის ქეისის გამეორებას ვარაუდობენ ამერიკელი ანალიტიკოსები საქართველოში - როგორც ისინი აცხადებენ, აშშ-ს აქვს შესაძლებლობა, კონკრეტულ პიროვნებებს დაადოს სანქციები.
ამერიკელი ანალიტიკოსი, დევიდ კრამერი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის შესაძლო ბიზნესკავშირები ირანთან დაკვირვების საგანი იქნება აშშ-სთვის. როგორც ის განმარტავს, ამერიკისთვის ირანის საკითხი ძალიან მგრძნობიარეა.
„საქართველო რთულ სამეზობლოში ცხოვრობს, თუმცა საქართველოს მთავრობამ უნდა გაიგოს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციაში ირანთან უმკაცრესი მიდგომებია. ნებისმიერი მსჯელობა საქართველოსა და ირანს შორის ბიზნესკავშირების გაუმჯობესებაზე, სავარაუდოდ, მიკროსკოპის ქვეშ მოხვდება როგორც კონგრესში, ისე ადმინისტრაციაში. საქართველოს უნდა ესმოდეს როგორი მგრძნობიარეა ირანის საკითხი აშშ-ისთვის. რთულია ერთ წინადადებაში საქართველოსა და სანქციების ხსენება, იმდენად ახლო ურთიერთობებია, თუმცა მნიშვნელოვანია მთავრობამ შეხედოს, რა მოხდა მოლდოვის ყოფილ პრემიერ პლოხოტნიუკთან დაკავშირებით - აშშ-ს აქვს შესაძლებლობა და კანონმდებლობა, დაადოს სანქციები კონკრეტულ პიროვნებებს", - აცხადებს დევიდ კრამერი.
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, კენეტ იალოვიცი აცხადებს, რომ სენატორების წერილის უგულებელყოფა არ შეიძლება. მისი თქმით, ირანისთვის აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების აცილებაში დახმარება სერიოზული პრობლემაა.
„კონგრესის ეს წევრები პრეზიდენტის პარტიის გავლენიანი წევრები არიან - მათი წერილი მნიშვნელოვანია და მისი იგნორირება არ შეიძლება. ირანი აშშ-ის პრობლემების სიის თავშია და შტატები მის წინააღმდეგ უძლიერეს მანევრებს აწესებს. ვუყურებთ ირანის მანევრებს, აიცილოს ეს სანქციები, თუკი გაჩნდა შეშფოთება, რომ საქართველო ნებსით თუ უნებლიედ ამ სანქციების აცილების მონაწილეა, მაშინ ეს სერიოზული საკითხია. წერილშია საუბარი პოზიტიურ გრძნობებზე, საქართველოს კონტრიბუციაზე ერაყსა და ავღანეთში, თუმცა ეს არის სერიოზული საკითხი", - ამბობს კენეტ იალოვიცი.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელი პოლიტოლოგებისა და ანალიტიკოსების ეს შეფასებები მოჰყვა მაიკ პომპეოსადმი გაგზავნილ წერილს, რომელსაც ორი გავლენიან სენატორი აწერდა ხელს. ამერიკელი კანონმდებლების შეშფოთება ვაშინგტონისთვის ყველაზე სენსიტიურ საკითხს უკავშირდება, ეს არის ირანი და მასზე დაკისრებული ამერიკული სანქციების თავიდან აცილება საქართველოს დახმარებით.