„ქართულმა ოცნებამ“ რეალობის აღქმა დაკარგა“, - ასე აფასებენ ექსპერტები მმართველი გუნდის გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებას ევროპარლამენტარების შესახებ.
ისინი ამბობენ, რომ თუ ხელისუფლება რეალური ნაბიჯების გადადგმას არ დაიწყებს, საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებთან გადაიხედება.
"ყველაზე კარგი ნაბიჯი იქნებოდა ხელისუფლების მხრიდან გაითვალისწინონ ის შენიშვნები და რჩევები, რაც აქვთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და არ დავემსგავსოთ იმ ავტორიტარულ ქვეყნებს ჩვენს სამეზობლოში, რომლებიც საუბრობენ იმ ენით, რომელიც არ ეკადრება საქართველოს ხელისუფლებას, თითქოს ჩვენს სუვერენიტეტში ვინმე ერევა“, - ამბობს კორნელი კაკაჩია.
მმართველი გუნდის ქმედებებს ექსპერტი თენგიზ ფხალაძეც აკრიტიკებს. ფხალაძე მიიჩნევს, რომ მმართველმა გუნდა კონფრონტაციის გზა აირჩია, რაც ქვეყანას ცუდ მდგომარეობაში ჩააყენებს.
სამწუხაროდ ამ ცუდი შედეგებისკენ ხელისუფლება კი არ მიდის, მიექანება. არ მესმის რატომ აირჩია ხელისუფლებამ კონფრონტაციის გზა, ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორებთან. ამ გზას მივყავართ თვითიზოლაციამდე და მარგინალიზაციამდე. არაფერში ეს არ წაადგება არც ხელისუფლებას და არც საქართველოს“, - აღნიშნა ექსპერტმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა და "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ევროპარლამენტარების შეფასებები ზედაპირულია.