logo
ENG



ქარტია თელარა გელანტიაზე: ჟურნალისტების მიმართ არათანაბარი მოპყრობა დაუშვებელია

12 სექ 202218:31
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/12/3br9oiawknrekll.jpg

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია BM.GE-ის ჟურნალისტ თელარა გელანტიას მთავრობის სხდომაზე არშეშვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საჯარო უწყების მხრიდან მსგავსი ქმედება დაუშვებელია და ამძიმებს ჟურნალისტების მიმართ არსებულ მტრულ გარემოს.

"ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიიჩნია, რომ მედიის მიმართ არათანაბარი მიდგომა დაუშვებელი და დისკრიმინაციულია. მედიის როლი დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში შეუცვლელია, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელი თანაბარ პირობებში იყოს.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ ჩააყენონ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში კრიტიკული მედიის წარმომადგენლები და შეუქმნან სათანადო სამუშაო პირობები."- ნათქვამია განცხადებაში.

ჟურნალისტი თელარა გელანტია აცხადებს, რომ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე არ დაუშვეს. 

მისი თქმით, მთავრობის პრესსამსახურმა მიზეზად ბევრი კითხვის დასმა დაუსახელა. გელანტია ამბობს, რომ სავარაუდოდ, ხელისუფლება მის მიერ მომზადებულმა მასალამ გააღიზიანა იმის შესახებ, რომ მთავრობის განკარგულებები უკვე 2 წელია, არ ქვეყნდება.


close დახურვა